ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ისრაელის მედია მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
Ynet-ის ინფორმაციით, უიტკოფისა და არაღჩის საუბარი 19 მარტს გაიმართა.
ამასთან, ისრაელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი კონტაქტების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
გამოცემის წყაროს თქმით, არაღჩისთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ისთვის ეჩვენებინა, როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება ირანში და ამერიკელებს სცოდნოდათ, რომ თავად არაღჩიც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია.
საუბრის დროს არაღჩიმ განაცხადა, რომ ხამენეი მზად არის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის, თუმცა მხოლოდ თეირანის პირობების შესრულების შემთხვევაში.
Ynet-ი აღნიშნავს, რომ საუბარია დაახლოებით ისეთსავე პირობებზე, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჟენევაში ომამდე გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა.
კერძოდ, ირანი მზად არის, განიხილოს გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა, თუმცა არ არის მზად, სრულად თქვას უარი ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებზე 23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მან მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. ამის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა პენტაგონს დაავალა, ხუთი დღით გადაედო ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.
ირანი უარყოფს, რომ აშშ-თან რაიმე მოლაპარაკებებს მართავდა.
გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლების როლს თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი ასრულებდნენ. ორი დღის განმავლობაში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრები როგორც ამერიკულ, ისე ირანულ მხარესთან.

