ამ დღეებში საზოგადოებაში რაც ვნახეთ, ეს ერთსულოვნება, ძალიან საშურია, რომ იყოს შენარჩუნებული. სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, ამ მოვლენიდან რაიმე პროცესი პოლიტიკურ შეფასებაში გადაიტანოს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, ყველას სთხოვს, თავი შეიკავოს ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორიც იყო, მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მსახურებასთან დაკავშირებით.
„სირცხვილია უბრალოდ ამ დღეებში საკამათო თემების ძალით მონახვა, რომ კიდევ ხელოვნურად მოხდეს მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა მხარედ. ამიტომ სასურველი იქნება, არც წამოიწიოს ეს თემები და ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აჰყვება წვრილმანებს. პატრიარქისადმი ჩვენი პატივის მიგება იქნება, რომ ნუ ავყვებით მეორად თემებს, რომლებსაც მოაქვს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ წყაროსთან, ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო – გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია ეს გასაღებიო, აქ არის თუ იქ არისო, მაგით მეტად რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით შეკითხვაზე ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი სირცხვილია და ხალხს გლოვა უნდა აცადონ.
„ტელევიზიები არ ირჩევენ მომავალ პატრიარქს, სირცხვილია, დააცადეთ ხალხს გლოვა. მოვრჩეთ ამ თემებზე ლაპარაკს. ძალიან დიდი სირცხვილი და უკულტურობაა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

