ორშაბათი, მარტი 23, 2026

გურამ კაშია – 38 წლის ასაკში დადგა დრო, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, სანაკრებო კარიერას ივნისში, რუმინეთთან მატჩით დავასრულებ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ივნისში ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს, – ამის შესახებ მან მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის – საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი.

ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.

უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას – ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.

გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია.

უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ.

შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობაში ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარაფარიკაობის „მსოფლიოს თასი 2026’’ გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპატრიარქო – მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.„ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია

მთავრობის წევრის ფარული მოსმენები უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.უნგრული გამოცემების თანახმად, საგარეო სადაზვერვო სააგენტოებმა პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრებზე წვდომა ოპოზიციური ჟურნალისტის, საბოლჩ პანის დახმარებით მოიპოვეს, რომელიც Direkt36-სა და VSquare-ში მუშაობს.ანიტა ორბანი, რომელიც შესაძლოა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს, თუ ოპოზიციური პარტია „ტისა“ გაიმარჯვებს, ასევე „თანამზრახველად“ დასახელდა.გავრცელებული ცნობით, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი სადაზვერვო ოპერაცია“ ტარდება.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი – ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა, სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს — ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილებები, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ირაკლი დემეტრაშვილმა გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.23 წლის ქართველმა ფინალში გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) გახდა.ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა საბა ინანეიშვილი, რომელმაც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში რუსი ზალატუხინი დაამარცხა.

ბოლო სიახლეები