პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე, რომ არ ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა თამარ მეფე, ქვეყანა ვერ გაბრწყინდებოდა, ზუსტად ასე პატრიარქის მოღვაწეობამ განაპირობა, რომ ეს ქვეყანა შეიკრა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.
დეკანოზმა პატრიარქის ნათლულებზე და დღეს მათ მიერ უწმინდესისთვის მიგებულ პატივზე ისაუბრა.
„სამძიმართან ერთად დღევანდელი დღე იყო დღესასწაული, გარდაცვალებაც იყო დღესასწაული. სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ის ისეთ დროს გარდაიცვლება, როცა ამ გარდაცვალებითაც დიდ რამეს გააკეთებს, თავის გარდაცვალებითაც გვიქადაგებს. დღეს ვუყურებდი ამას, როგორ გვიქადაგებს უწმინდესი და რაზე გვესაუბრება – ამათზე დგას ქვეყანა, ცრემლმორეული ბავშვები თეთრი ვარდებით მიდიოდნენ თავის ნათლიასთან. საოცარი შეგრძნება იყო, ეს იყო ის რისთვისაც პატრიარქმა იღვაწა და რაც პატრიარქმა აკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. სულ ამბობდა რომ ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის. დღეს მათ თვალებში ვხედავდი, რომ ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას შეცვლიან, ერთმანეთი ეყვარებათ. მას რომ უყვარდა საქართველო უნდოდა ყველას ასე გვყვარებოდა“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
სასულიერო პირმა ილია II-ის განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბრა და მათ შორის ადამიანების სიყვარული გამოყო.
„მთელი მისი მოღვაწეობა იყო უდიდესი მოღვაწეობა. პირველი რაც მას ყველაზე ძვირფასი თვისება ჰქონდა, ის არავის არ განიკითხავდა, მას ყველა ადამიანი უყვარდა, მიუხედავად მისი მაგინებლებისა, ყოველთვის მათზე ლოცულობდა“, – აღნიშნა დეკანოზმა.
მამა შალვამ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ სამების ტაძარი პატრიარქის და ქვეყნის სახეა.
„სამების მშობლობა როცა დაიწყო ვერავინ იჯერებდა, რომ ამხელა მასშტაბის ტაძარი შეიძლებოდა აშენებულიყო. პატრიარქს ეს გამოცხადებით ჰქონდა, რომ აქ უნდა აშენებულიყო. როცა მიწა მოიჭრა ტაძრის საძირკვლისთვის იქ აღმოჩნდა კლდე, ზუსტად ტაძრის ზომის და იმაზე დაშენდა ეკლესია. დღეს სამება არის პატრიარქის, ჩვენი ქვეყნის სახე. ჩემთვის პატრიარქი საქართველოა, როგორც პატრიარქი გაატარეს ამ ჯვარცმას, საქართველომაც ასე გაიარა: დაცემა, წაქცევა, ბრძოლები, ამას გავდიოდით სულ. დამიჯერეთ, ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მასშტაბის ადამიანზე გვაქვს საუბარი. როგორც ილია ჭავჭავაძის დროს ვერ წარმოედგინათ, უფრო დიდი მოღვაწის წინაშე ვდგავართ ჩვენ“, – განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინაღმძღვარმა.

