ენერგეტიკულ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები ხდება, რაც მანამდე არსებულ სურათს მთლიანად ცვლის. თუ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.
18 მარტს, დილით, ნავთობის ფასი ბარელზე 101-102 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ ის უმალ გადასცდა 108 დოლარს, როგორც კი ირანისა და კატარის ერთობლივ გაზის საბადოებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამ ამბავმა ბაზრებზე ძლიერი რყევები გამოიწვია, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.
ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ნავთობზე ფასების ზრდამ, მთლიანობაში, 47%-ს მიაღწია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნახტომია.
ფასების ნახტომისებური ზრდა მომხმარებლებს მძიმე ტვირთად აწვება. არაეთილირებული (unleaded) საწვავის საშუალო ფასი, ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად ლიტრზე 1,94 ევროს შეადგენს, რაც თებერვლის ბოლოსთან შედარებით, დაახლოებით 19 ცენტით მაღალია.
კიდევ უფრო თვალსაჩინოა ფასების ზრდა დიზელის საწვავზე. მისი ფასი 1 ლიტრზე 35 ცენტით გაიზარდა, ხოლო გათბობისთვის განკუთვნილ ნავთობზე ფასმა, 27 თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 31 ცენტით მოიმატა.
ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია ჯერ არ დასრულებულა. ისინი, მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ახალ მატებას პროგნოზირებენ. იმის ალბათობა, რომ ბენზინის ფასმა, შესაძლოა, ლიტრზე 2 ევროს მიაღწიოს ან გადააჭარბოს კიდეც, რაც ძალიან მძიმე სცენარად მიიჩნევა, თუმცა ასეთი სცენარი უკვე ძალიან რეალურად გამოიყურება.
ამავდროულად, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები საწვავზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს. 19 მარტიდან, კუნძულ ლესბოსზე გრძელვადიანი გაფიცვა დაანონსდა. ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქცია, შესაძლოა, საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც გაიმართოს.

