ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.

ილია მეორე (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

კათოლიკოს-პატრიარქად მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.

ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება.

ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუმინეთის პატრიარქი – ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“, – ნათქვამია წერილში.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს განცხადებას.მათივე ცნობით, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო – მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი.„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები