2021-2025 წლებში უკრაინა, 9.7%-იანი წილით, ძირითადი შეიარაღების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა მსოფლიოში. უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და პოლონეთი.
ეს ინფორმაცია სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ახალ ანგარიშშია შეტანილი.
ანგარიშის თანახმად, 2021-2025 წლებში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულში შედიან:
- უკრაინა;
- ინდოეთი;
- საუდის არაბეთი;
- კატარი;
- პაკისტანი.
დოკუემენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან, უკრაინას ძირითადი შეიარაღება, სულ მცირე, 36-მა სახელმწიფომ მიაწოდა. უმსხვილესი მიმწოდებლები არიან:
- აშშ (უკრაინის იარაღის იმპორტის 41%);
- გერმანია (14%);
- პოლონეთი (9.4%).
ამავდროულად, SIPRI -ი აცხადებს, რომ 2025 წელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 2023 ან 2024 წლებში. ამის მიზეზი, კერძოდ, 2025 წელს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებაა. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საგრძნობლად გაიზარდა აშშ-დან უკრაინაში იარაღის ექსპორტის გასაიდუმლოების ხარისხი, რაც ართულებს სანდო შეფასებების მომზადებას.
2025 წელს, სულ მცირე, 25 სახელმწიფო დათანხმდა აშშ-სგან ძირითადი შეიარაღების შეძენას უკრაინისთვის გადასაცემად. ამ იარაღის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და მართვადი ბომბების მიწოდება, SIPRI-ის მიერ ფიქსირდება, როგორც აშშ-დან იარაღის ექსპორტი.
იარაღის ექსპორტი
მსოფლიოში ძირითადი ტიპის შეიარაღების ექსპორტის მოცულობა 2021-2025 წლებში, წინა ხუთწლიან პერიოდთან (2016-2020) შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, რუსეთი არის ათეულში შემავალი ერთადერთი მიმწოდებელი ქვეყანა, რომლის იარაღის ექსპორტი შემცირდა.
- ამერიკის შეერთებული შტატები;
- საფრანგეთი;
- რუსეთი;
- გერმანია;
- ჩინეთი;
- იტალია;
- ისრაელი;
- გაერთიანებული სამეფო;
- სამხრეთ კორეა;
- ესპანეთი.
SIPRI-ის მონაცემებით, ხუთმა უმსხვილესმა მომწოდებელმა — შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა — ამ პერიოდში მთლიანი იარაღის 70% გაყიდეს ექსპორტზე.
2021-2025 წლებში, აშშ-ზე მოდიოდა იარაღის საერთაშორისო მიწოდების 4%, მაშინ როცა 2016-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 36% იყო. 2021-2025 წლებში აშშ-მ იარაღის ექსპორტი 99 ქვეყანაში განახორციელა. ამავდროულად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, აშშ-ის იარაღის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ევროპაზე მოდიოდა (38%), და არა ახლო აღმოსავლეთზე (33%).
საფრანგეთი, იარაღის გლობალური ექსპორტის 9.8-პროცენტიანი წილით, რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, ხოლო მისი იარაღის ექსპორტი, 2016-2020 და 2021-2025 წლების პერიოდებს შორის, 21%-ით გაიზარდა.
რუსეთმა მესამე ადგილი დაიკავა და ერთადერთია იარაღის ათ უმსხვილეს მიმწოდებელს შორის, რომლის ექსპორტი შემცირდა (-64%).
საერთო ჯამში, რუსეთის წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში 21%-დან (2016-2020 წლები) 6.8%-მდე (2021-2025 წლებში) შემცირდა. 2021-2025 წლებში რუსეთი ძირითადი ტიპის შეიარაღებას 30 სახელმწიფოსა და 1 არასახელმწიფო აქტორს აწვდიდა. რუსეთის იარაღის ექსპორტის თითქმის სამი მეოთხედი (74%) 2021-2025 წლებში ინდოეთზე (48%), ჩინეთსა (13%) და ბელარუსზე (13%) გადანაწილდა.
ამავდროულად, გერმანიამ ჩინეთს გადაასწრო და 2021-2025 წლებში იარაღის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. გლობალურ ექსპორტში მისმა წილმა 5.7% შეადგინა. გერმანული იარაღის მთელი ექსპორტის თითქმის მეოთხედი (24%) უკრაინას დახმარების სახით გადაეცა, 17% კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნა.

