ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ტატა ხვედელიანი – დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ. საპარლამენტო მუშაობა დავიწყეთ და ნებისმიერ მშვიდობიან გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნების“ ამომრჩევლები შევამციროთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს.

„დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა -„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს ეს ორი ძალა აქრობს და ანგრევს თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში რადიკალიზმის ხარისხი უნდა შემცირდეს და ის უდანაშაულო ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც ქართულ ციხეებში იმის გამო არიან გამოკეტილები, რომ „ოცნებას“ დისკომფორტს უქმნიდნენ.

„სწორედ ამიტომ ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რადიკალიზმის ეს მაღალი ხარისხი შემცირდეს და ქვეყნის განვითარება გადატვირთვით დავიწყოთ. სწორედ აქ გამოჩნდება „ოცნების“ მზაობა, სურს თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა და სურს თუ არა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმი შემცირდეს. თუ სურს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თავისი რიტორიკით გავიდეს, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ქვეყანას და მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული“. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ“. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგის, პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გერმანული პრესა: ირანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმები ჩაიშალა

ირანის ახალ ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნა ადასტურებს - თეირანში ყალიბდება სამხედრო დიქტატურა, რომელშიც რევოლუციური გვარდია დომინირებს. ეს ძალა კაპიტულაციაზე არ ფიქრობს და ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან.„ირანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმები ჩაიშალა,“ - წერს გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ და დასძენს: „მოჯთაბა ხამენეის კანდიდატურის წამოყენება ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმი კაპიტულაციაზე არ ფიქრობს“.გაზეთის ცნობით, ირანში შექმნილი ვითარების შესახებ რეალისტური სურათის წარმოჩენა ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებიდან უკვე 10 დღე გავიდა.„ვაშინგტონიდან წამოსული ტრიუმფალური ცნობები თანხვედრაში არ არის იმ ფაქტთან, რომ ირანელები თავიანთ მეზობლებსა და ისრაელს ისევ ბომბავენ,“ - წერს გერმანული გაზეთი და იქვე ამატებს, რომ ირანული რაკეტებით მიყენებულ ზიანს არც თეირანის მიერ გავრცელებული თავდაჯერებული განცხადებები შეესაბამება.როგორც „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ წერს, ტრამპის მიერ უარყოფითად შეფასებული ფიგურისთვის ძალაუფლების გადაცემამ აჩვენა, რომ „ვენესუელური სცენარით“ ირანში მოვლენების განვითარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.გერმანული გაზეთი მიიჩნევს, რომ ორივე მხარის სტრატეგიული პოზიცია უარესდება: ირანი კარგავს სამხედრო რესურსს, რადგან მისი იარაღის დიდი ნაწილი უკვე განადგურდა, ხოლო აშშ-ისრაელის ალიანსი, სახმელეთო ძალების გარეშე, მოვლენების საკმარისად გაკონტროლებას ვერ ახერხებს.„ამ დაპირისპირების საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია,“ - დაასკვნის გაზეთი.თავის მხრივ, „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ წერს, რომ ირანის უმაღლეს თანამდებობაზე მოჯთაბა ხამენეის ნომინირება, ფაქტობრივად, გადატრიალება იყო და არა არჩევნები.„ხამენეის, როგორც ხელისუფლების უწყვეტობის სიმბოლური ფიგურის, ქვეყნის სათავე მოსვლით, ისლამური რესპუბლიკა სამხედრო დიქტატურად გადაიქცა,“ - აცხადებს „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ და დასძენს, რომ დღეს თეირანის მმართველები არიან გენერლები და პოლიტიკოსებად ქცეული ყოფილი გენერლები, რომლებიც არც ტრამპთან და არც საკუთარ ხალხთან დიალოგს არ აპირებენ.ჟურნალი „შპიგელი“ კი წერს, რომ ამჟამად „ირანში დღის წესრიგს რადიკალები ადგენენ“ და რომ მოჯთაბა ხამენეიზე არჩევანის გაკეთება ნიშნავდა რევოლუციური გვარდიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რომელიც ტრამპთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ მოჯთაბა ხამენეი მჭიდროდ არის გვარდიასთან დაკავშირებული. ის, უკვე 17 წლის ასაკში, მათ რიგებში ერაყის წინააღმდეგ იბრძოდა.„შპიგელის“ აზრით, რეფორმატორები, მათ შორის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, საბოლოოდ დამარცხდნენ, ახალი ლიდერი და მისი გარემოცვა კი „დაპირისპირებაზე დებენ ფსონს“. წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებას ითხოვს – “ეს ეხება გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის...

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეუთოსთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ცნებების პოპულარიზაციის აკრძალვა, ასევე, გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებისა და სქესის ნიშნის აკრძალვა. "გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას," - ნათქვამია მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომაზადებულ ანგარიშში.

სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან კიდევ შვიდი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა განაცხადა.კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან, ჯამში, გაყვანილია 45 ოჯახი.ადგილიდან, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მოსახლეობა უკვე გასახლებულია და ოჯახები აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან.სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიის ადგილზე იმყოფება გეოლოგების სამი ჯგუფი, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზები.ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო – სოფელ კურსებში მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა, 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის ნაკვეთი და სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.„ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო. ბოლო წლების განმავლობაში სოფ. კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს – „გარწმუნებთ ყველას, რომ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის“

ირანის სახელმწიფო ტელევიზია ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს.განცხადებაში, რომელიც ირანელ მოსახლეობას ტელეწამყვანმა წაუკითხა, მოჯტაბა ხამენეი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანი შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მინაბის გამო, სადაც ამერიკულ იერიშს სკოლასთან 168 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი ემსხვერპლა“.„ჩვენ ვუგზავნით გზავნილს რეგიონის ლიდერებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობები ჩვენ გარშემო არსებულ ქვეყნებთან. თუმცა ზოგიერთ ამ ქვეყანაში აშშ-ის ბაზების არსებობა და ამ ბაზების გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის რეგიონისთვის სასარგებლო არ არის და ისინი უნდა დაიხუროს.როგორც ვთქვით, ჩვენ არ ვართ ჩვენს გარშემო არსებული ქვეყნების მტრები და მხოლოდ ამ ამერიკელების ბაზებს ვუმიზნებთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს შვილები, რადგან მე დავკარგე მამა, დავკარგე ცოლი. ჩემმა დამ დაკარგა შვილი და ქმარი, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ამ ყველა გასაჭირის ატანას აადვილებს, არის ღვთის მადლის ნდობა და იმის ცოდნა, რომ მოთმინება ყველაფერს დაგვაძლევინებს. გარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის“, – განაცხადა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ.

ბოლო სიახლეები