ზიანის პრინციპის დადგენა ძალიან რთულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვაზე და გამოხატვაზე, რადგან გარდა გამომხატველისა, მნიშვნელოვანია, ვისაც ის მიემართება, რას აღიქვამს შენი სიტყვიდან, – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, „არის თუ არა მისთვის მისაღები გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ფორმით და სიძულვილის ენა შესაძლებელია თუ არა, გამოყენებული იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.
შეკითხვაზე, „რამდენად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაგალითად, ადამიანისთვის მონის დაძახება“, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ეს სასამართლოში დამტკიცდა.
„მე პირადად, ბიძინას მონა დავუძახე ღარიბაშვილს, ბათუმში, რამდენიმე წლის წინ და სასამართლომ გამამართლა. ანუ, სიტყვის თავისუფლების სტანდარტში ეს ჯდებოდა. ახლა რაღაცები შეიცვალა კანონში ცვლილების მიღმაც, მაგრამ აქ ყველაფერი მაინც ხელისუფლების ნებაზეა, იმ დროს რა როგორ უნდა. მკაფიოდ ამოვდივარ მაინც ზიანის პრინციპზე, რომ სადღაც კონკრეტული შემთხვევა მოხდა და შემდეგ ამით შეგიძლია, ახსნა, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდო. ისე, უბრალოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდა შეუძლებელი კონცეპტია.
დღეს მეც რომ შემეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ვთქვათ, უზრდელი სიტყვების თქმა, ხვალ მოვიდე გადაცემაში და ჩემი ოპონენტი, რომელსაც შეიძლება, ვერ ვიტანდე, ვაქო, იხაროს შენმა გამზრდელმა, იხაროს დედაშენმა, რა მაგარი კაცი ხარ-თქო, ხომ ყველა მიხვდება, რომ ჩემში სხვა მოტივია ჩადებული და სხვა რაღაც ხდება?“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
შეკითხვაზე, „ვინ ადგენს და როგორ დგინდება ზიანის მასშტაბი“, – ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ როცა არსებობს სასამართლო და ენდობი, ის ადგენს, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შენმა ნათქვამმა გამოიწვია თუ არა ზიანი.
ცოტნე კობერიძის განცხადებით, მეტროში ჩასვლისას ვიღაც ადამიანმა მას ქვეყნის გამყიდველი უწოდა.
„ქვეყნის გამყიდველი დამიძახა მეტროში. ვფიქრობდი, ასეთი რა გავყიდე ეს ქვეყანა-თქო? მეტი საშუალება არ მაქვს, მაგრამ იმ ადამიანის პოზიცია იყო. შეიძლება, ჩემზე მეტად ვერავინ იხეიროს, ასეთი კანონი რომ არსებობდეს, მაგრამ რა ვუთხარი იმ პოლიტიკოსს, რომელიც მაგ შიშის გამო სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. არ მინდა, ვინმეს კანონის შიშის გამო მოვწონდე, ვუყვარდე, ასე გამოხატავდეს და სულ სხვანაირად ცხოვრობდეს. ეგ იყო საბჭოთა კავშირში, როცა ორნაირი მორალი არსებობს, ერთი საგარეო მორალი, კინო, თეატრი, რაშიც იმყოფები და მეორე იმის მიღმა რაც ხდება. ჩვენ ვიცით, რომ იმის მიღმა ერთმანეთისადმი სიძულვილი არსებობს. ნანახი გვაქვს პლაკატები პოლიტიკოსების, სისხლიანი ბანერები არსებობს, მთელი თბილისი იყო ასე და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყველაზე კარგი პოლიციელი ამ შემთხვევაში არის საკუთარი სინდისის ხმა. საკუთარი სინდისის ხმა არის პოლიცია, რომელიც ყველგან დაგყვება. შენ იმ ხმის თუ არ გჯერა და ასეთი კულტურა ჩვენ არ გვაქვს, რომ საკუთარი სინდისის ხმა გვაკავებს, ეს პოლიციელი გავხადოთ სახელმწიფო – მივიღებთ ბევრად ცუდ შედეგებს. უბრალოდ, ვერც შედეგს ვერ მივიღებთ და ეს ბერკეტი გამოყენებული იქნება მაშინ, როცა ვიღაც შენ არ მოგეწონება“, – განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის ადამიანებს ბოლო საუკუნეში არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში.
„სამწუხაროდ, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ძალიან პოპულარული ხდება, რადგან ბევრი ადამიანია „ფეისბუქით“ ნაწყენი. უბრალოდ, ამის იქით კიდევ უფრო სხვა პრობლემები გამოჩნდება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

