მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები, რა მეთოდით შეაფასეთ? რატომ არის გაყალბებული დასკვნა? ეს არის დასკვნის გაყალბება – ხარჯებს რომ მითვლით, როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლით, ეს რა სამართალია? – ამ კითხვებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენელს, ივანე ბედინაშვილს მიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივანე ბედინაშვილი პროკურატურის მხრიდან მოწმის სახითაა წარმოდგენილი. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის აუდიტმა შეისწავლა ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის, შემოსავლები და გასავლები.
მოწმის თქმით, კერძოდ, ისინი ადგენდნენ 2015 წლიდან თავდაცვის ექსმინისტრის ქონებრივ მდგომარეობას, აქტივებს, კრიპტოვალუტის წარმოშობის წყაროს და ა.შ. ასევე ადგენდნენ უძრავი და მოძრავი ქონებებიდან მიღებულ თანხებს.
ამასთან, სამსახურს უნდა დაედგინა ჯუანშერ ბურჭულაძის თანამდებობაზე ყოფნისას მიღებული შემოსავლები. მოწმე ივანე ბედინაშვილის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან დაკავშირებული პირები 2025 წლის მონაცემებით, მათ შორის ფლობდნენ 31 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას. 2024 წლის მდგომარეობით ფლობდნენ 41 ერთეულ უძრავ ქონებას, აღნიშნული ქონებიდან 15 ერთეული ქონება, ისეთი ქონება იყო, რომელსაც ფლობდნენ 2014 წელსაც.
მოწმის თქმით, 2024 წლის 8 თებერვლიდან 2025 წლის აგვისტომდე, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები ხელფასის სახით შეადგენდა 376 ათასზე მეტ ლარს.
„მათ შორის, აზარტული თამაშებიდან მიღებული თანხა შეადგენდა 800 000-ზე მეტ ლარს. ასევე, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენდა გაწეული თანხები.
უძრავი ქონებით მიღებულმა ხარჯმა რეალიზაციით მიღებულ თანხას გადააჭარბა 1 მილიონი ლარით. ჯამში ხარჯებმა შეადგინა 8 მილიონზე მეტი ლარი. 2015 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრამდე, ბურჭულაძის და მისი ოჯახის მიერ მიღებული თანხები აღემატება 10 მილიონ ლარს“, – განაცხადა ივანე ბედინაშვილმა.
მოწმის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიმართ კითხვები ჰქონდა ბრალდებულ ექსმინისტრს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ამ დასკვნით სასამართლოს შეცდომაში შეყვანა ხდება.
„მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები რა მეთოდით შეაფასეთ? მეთოდები არის აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთში, ხარჯებს თვლიან სხვა მეთოდით, შემოსავლებს სხვა მეთოდით….
კითხვა – რატომ არის გაყალბებული დასკვნა? ეს არის დასკვნის გაყალბება. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია (მოწმისთვის). რატომ გასცდნენ დასკვნას და თანაც ისეთი ინტერპრეტაციით, რითაც შეცდომაში უნდა შეიყვანონ სასამართლო. რატომ არ არის მითითებული დასკვნაში ობიექტური მომენტები? რატომ არის დასკვნაში ინფორმაცია არასრულად მითითებული? აქ ნიუანსებზეა საუბარი და ვასაბუთებ იმას, რასაც ბრალდება მედავება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ბრალდება ლეგალიზაციაში უთვლის მისი შვილის, დავით ბურჭულაძის შემოსავლებსაც და ეს იმ ფონზე, როცა მის შვილს თანხას სიდედრი ურიცხავდა.
„ხარჯებს რომ მითვლის როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლის, ეს რა სამართალია, ბატონო მოსამართლევ? როცა თანამდებობაზე დავინიშნე, (თავდაცვის მინისტრობამდე) ვფლობდი 9 ბინას, როცა წამოვედი ვფლობდი 7 ბინას. არის თუ არა ეს მითითებული დასკვნაში?” – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული, ვლადიმერ ღუდუშაური.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

