შაბათი, მარტი 7, 2026

ზვიად შალამბერიძე: როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე არსებული საერთაშორისოდ დაძაბულობის ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და საქართველოს სახელმწიფო მიმართ ბრალდებებს აფასებს.

შალამბერიძე ვიდეომიმართვაში ფართოდ მიმოიხილავს იმ საფრთხეებს, რომლებსაც შესაძლოა ეს საჯარო განცხადებები ქმნიდეს არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ საქართველოს საწინააღმდეგო საერთაშორისო ნარატივების შექმნის კუთხით.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ განცხადებების სერიას ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ირანის გარშემო მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობას და ამ თემას იყენებს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ნებისმიერი სახელმწიფო იძულებულია, უკიდურესი სიფრთხილით და დიპლომატიური სიზუსტით იმოქმედოს, მსგავსი განცხადებები განსაკუთრებულად მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ბრალდებებს, თითქოს,საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ერთ-ერთ მხარეს საერთაშორისო კონფლიქტში, თითქოს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ძალები ან თითქოს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას. ამგვარი განცხადებები ხშირად კეთდება მტკიცებულებების გარეშე და მათი გავრცელება პირდაპირ აისახება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასა და უსაფრთხოების გარემოზე. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიდესაც ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოშია და იძულებულია, ფაქტობრივად, იუველირული სიზუსტით მართოს თავისი დიპლომატიური პოზიცია, რათა არ აღმოჩნდეს დიდი საერთაშორისო ძალების დაპირისპირების ეპიცენტრში, ასეთ დროს დაუდასტურებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები არ არის უბრალოდ შიდაპოლიტიკური პოლემიკა. ისინი ქმნის საერთაშორისო ნარატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ , აძლიერებს გარე ზეწოლის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს იმ კონფლიქტების ჩრდილში, რომლებთანაც საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს“, – ახადებს ზვიად შალამბერიძე.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი განცხადებები აღარ არის შიდაპოლიტიკური შეფასება და სახელმწიფო ინსტიტუტებმა მათზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.

„პოლიტიკოსი ან საჯარო ფიგურა მტკიცებულებების გარეშე საუბრობს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყანაში ან საერთაშორისო პარტნიორებს უგზავნის სიგნალს, თითქოს, საქართველოს სახელმწიფო დგას გეოპოლიტიკურ კონფლიქტში ერთ-ერთი მხარის გვერდით, ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება. ასეთ ქმედებებს შეიძლება, ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო პოზიციაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებულნი არიან, დაიცვან ქვეყნის სტაბილურობა უსაფრთხოება და საერთაშორისო რეპუტაცია. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ყურადღებით შეაფასონ ასეთი განცხადებები და მათი შესაძლო შედეგები ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.

როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს ან საერთაშორისო დონეზე ქმნის საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნარატივებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება“, – აღნიშნავს შალამბერიძე.

ამასთან, მას მიაჩნია, რომ დღეს, როდესაც საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნებაა, პოლიტიკურმა ძალებმა ძალამ უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.

„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებული აზრი და კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა, არსებობს მკაფიო ზღვარი პასუხისმგებელ პოლიტიკურ დისკუსიასა და ისეთ ქმედებებს შორის, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ გარე ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც სახელმწიფო იძულებულია, დიდი სიფრთხილით შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში მიმდინარე მძიმე პროცესების ფონზე, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც აზიანებს ქვეყნის საგარეო პოზიციას, არ შეიძლება, დარჩეს ყურადღების გარეშე. დღეს საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ქვეყნის დაცვა ნებისმიერი გარე დაპირისპირებებისგან. სწორედ ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიაზროს საკუთარი სიტყვების ფასი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქმნის საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ან აძლიერებს საქართველოს ჩათრევის რისკს საერთაშორისო კონფლიქტში, აუცილებლად მიიღებს შესაბამის სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ შეფასებას“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

გაერო-ში ირანის ელჩი – არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურებით

გაერო-ში ირანის ელჩი ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში, ირანში, სულ მცირე, 1 332 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.მისი თქმით, ირანი იძიებს ინფორმაციას სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.ამასთან, ირავანიმ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის მომავალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.„ირანი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში. ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად და მხოლოდ ირანის ხალხის ნებით — ნებისმიერი უცხოური ჩარევის გარეშე“, – განაცხადა ამირ საიდ ირავანიმ.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.კრემლის ცნობით, ფეზეშქიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირანელი ხალხის სოლიდარობისთვის“ და მას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად აცნობა.ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დიპლომატიური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. კრემლის ცნობით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კონტაქტები სხვადასხვა არხით განაგრძონ.ცნობისთვის, მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს.

ვერონაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

იტალიის ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცერემონიაზე მონაწილე პარასპორტსმენების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსმა, იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, ბოლოს კი ოლიმპიური ცეცხლი აინთო.წელს პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 56 ქვეყნის 650-ზე მეტი სპორტსმენი გამოვა და სპორტის ექვს სახეობაში მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება.შეჯიბრებაში მონაწილეობას ორი ქართველი პარასპორტსმენიც მიიღებს – თემურ დადიანი პარაქროს-ქანთრის დისციპლინაში გამოვა, ხოლო ლუკა ლომაია პარასნოუბურდში მიიღებს მონაწილეობას.ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება.

ემანუელ მაკრონი – გაერო-ს ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის დარტყმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„გაერთიანებული ერების ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მე მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც დღეს მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა“, – აღნიშნა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი სირიისა და ლიბანის პრეზიდენტებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.„მიმდინარე დესტაბილიზაცია ტერორიზმს სივრცეს არ უტოვებს. საფრანგეთი ამას უზრუნველყოფს,“ — განაცხადა მაკრონმა.მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. განას შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

ბოლო სიახლეები