ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

„მიტოვებული მაიმუნი და ნარინჯისფერი სათამაშო – ისტორია, რომელმაც ჰარლოუს ექსპერიმენტი გაახსენა მსოფლიოს“

რა კავშირი აქვს პატარა მიამუნის პანჩის ისტორიას 70 წლის წინ ჩატარებულ ექსპერტიმენტს შორის

ეს თემა აქტიურად განიხილება უცხოურ მედიაში. პატარა მაიმუნმა სახელად პანჩიმ მთელი მსოფლიოს გული მას შემდეგ დაიპყრო, რაც დედისგან მიტოვებულმა ნარინჯისფერ რბილ სათამაშოში იპოვა შვება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, იაპონელი მაიმუნის ისტორია 1950-იანი წლების ექსპერიმენტის ანარეკლია, რომელიც ადრეული მიჯაჭვულობის შესახებ ჩატარებულ ცნობილ და არცთუ ლოიალურ კვლევას იმეორებს.

პანჩის მიჯაჭვულობა თავის ნარინჯისფერ სათამაშოსთან მხოლოდ სევდიანი ისტორია არ არის — ის ამერიკელი მკვლევრის, ჰარი ჰარლოუს მიერ ჩატარებულ ცნობილ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს გვახსენებს. მისი კვლევების შედეგები საფუძვლად დაედო მიჯაჭვულობის თეორიის ბევრ ცენტრალურ დებულებას, რომელიც მშობელსა და შვილს შორის კავშირს ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს.

ჰარი ჰარლოუ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად ხმაურიანი ფსიქოლოგი იყო, რომლის კვლევებმაც ფუნდამენტურად შეცვალა წარმოდგენა სიყვარულზე, მიჯაჭვულობასა და სოციალურ განვითარებაზე. 1950-იან და 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგიურ კვლევებში დომინირებდნენ ბიჰევიორისტები და ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვილები დედებს მხოლოდ იმიტომ ეჯაჭვებოდნენ, რომ ისინი საკვებს აწვდიდნენ. სწორედ ამ მოსაზრებას დაუპირისპირდა ჰარლოუ.

ჰარლოუმ რეზუს მაკაკები დაბადებისთანავე მოაშორა დედებს. მაიმუნები იზრდებოდნენ გარემოში, სადაც კონტაქტი ჰქონდათ ორ ე.წ. სუროგატ დედასთან. ერთი მათგანი იყო მავთულის კონსტრუქცია, რომელიც საკვებსა და წყალს აწვდიდა. მეორე კი იყო მაიმუნის ვიზუალის მქონე რბილი თოჯინა, რომელთანაც მაკაკებს მხოლოდ ჩახუტება შეეძლოთ, თუმცა ის საკვებს არ უზრუნველყოფდა.

ჩატარებული ექსპერიმენტით ჰარლოუმ ბიჰევიორისტების მიდგომა ეჭვქვეშ დააყენა. კვლევამ აჩვენა, რომ მაიმუნები გაცილებით მეტ დროს ატარებდნენ რბილ „დედასთან“, ვიდრე მავთულის კონსტრუქციასთან. ისინი ემოციურ საზრდოს არჩევდნენ, რაც რბილი ქსოვილით დაფარულ სუროგატ დედასთან ჩახუტებით გამოიხატებოდა. მავთულის „დედასთან“ კი მხოლოდ გამოსაკვებად მიდიოდნენ.

ექსპერიმენტებმა დაადასტურა მზრუნველობის მნიშვნელობა, როგორც მიჯაჭვულობის საფუძველი, და აჩვენა, რომ ჩვილები ემოციურ კავშირს ფიზიკურ საჭიროებებზე წინ აყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში, იჩიკავას ზოოპარკში პანჩის შემთხვევა არანაირ სამეცნიერო კვლევას არ წარმოადგენდა, მისი ისტორია ჰარლოუს ექსპერიმენტს მაინც მოგვაგონებს — თითქოს ბუნებრივ გარემოში, უნებლიედ განმეორებულ სცენარს. 70 წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა განვითარების პროცესში.

ზოოპარკის პირობებში პანჩის სუროგატი დედის ალტერნატივა არ ჰქონდა, რომელიც მას დაანაყრებდა, თუმცა რბილ სათამაშოში მაინც იპოვა ნუგეში და ის სიმშვიდე, რომელიც დედისგან ვერ მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი: შესაძლოა კავშირი არსებობდეს ნახჭევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმასა და აფხაზეთში გავრცელებულ ინფორმაციებს შორის-არ არის გამორიცხული, უცნობი აქტორი კავკასიის სტაბილურობის დარღვევას ცდილობდეს

,,თითქოს, გარკვეული კავშირი არსებობს დღეს #ნახჭევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმასა და წუხელ #აფხაზეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებსა და ჭორებს შორის. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ უცნობი აქტორი ცდილობს დაარღვიოს #კავკასიის სტაბილურობა და ერთმანეთს დაუკავშიროს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და #უკრაინის ომი. ჩემი აზრით, ექსპერტები და მედიასაშუალებები დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ამ მოვლენებს. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ პატივს ვცემთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ხოლო კავკასიის უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამავდროულად კი ნათელია, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, აგრესორთა სამხედრო და ლოჯისტიკური ობიექტები შესაძლოა თავდაცვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენდეს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

კირ სტარმერი – ბრიტანეთი ირანზე თავდასხმაში არ ჩაერთვება, კატარში გავაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავს რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.კირ სტარმერის თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ ჩაერთოს ისრაელისა და აშშ-ს ირანზე თავდასხმაში უცვლელი რჩება, ხოლო საუკეთესო გზა ირანისა და მსოფლიოსთვის ახლა მოლაპარაკებების გზით შეთანხმებაა.პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი კატარში Typhoon-ის ტიპის ოთხ თვითმფრინავს აგზავნის.„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს ესკადრილიას კატარში და მთელ რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სტარმერმა.სტარმერს ასევე ჰკითხეს ტრამპის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა.საპასუხოდ სტარმერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპზე დამოკიდებულია აშშ-ისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მასზე – ბრიტანეთისთვის სწორი გადაწყვეტილების.„არაფერი საკამათო ამაში არ არის“, – აღნიშნა სტარმერმა.

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„სატელეფონო საუბრისას მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმები და აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პროტესტი გამოხატა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეს თავდასხმები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.მათივე ცნობით, აბას არაღჩიმ შეშფოთება გამოთქვა ნახიჩევანის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის გამო და განაცხადა, რომ ირანულმა მხარემ და სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

ვიქტორ ორბანი – არანაირი გარიგება და კომპრომისი არ იქნება, ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას

ჩვენ ძალით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ორბანის თქმით, უნგრეთს აქვს პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები, რათა აიძულოს უკრაინას ნავთობის ტრანზიტის განახლება.„არანაირი გარიგება, არანაირი კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. უნგრეთის ენერგია მალე კვლავ „დრუჟბის“ მილსადენით იმოძრავებს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. 

ლაშა ფარულავა – ჩვენი ამოცანაა, გაგრძელდეს ბრძოლა მშვიდობიანი კალაპოტით, გაძლიერდეს საგარეო წნეხი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, განაგრძობენ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.„დემოკრატიულმა ოპოზიციამ გააფორმა ალიანსი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი კალაპოტით, ასევე გაძლიერდეს საგარეო წნეხი, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით. ვმუშაობთ, რომ პოლიტპატიმრები დავიხსნათ და ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს საკუთარი სურვილების რეალიზება. პირველ რიგში, ევროპული არჩევანის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ივანიშვილმა მოაწყო ევროპული არჩევანის საბოტაჟი და ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ჩვენი გეგმა არის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ერთიანობისთვის, შენარჩუნდება ბრძოლის მშვიდობიანი კალაპოტი, გაძლიერდება საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტები, რათა ივანიშვილი იძულებული გახდეს, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.ცნობისთვის, 2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

ბოლო სიახლეები