ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ვიზუალის მქონე მომღერალი ლიზი დარასელია შოუში – „გვაჩვენე შენი ხმა“, გამოჩნდა და მაყურებლის მონუსხვა მაშინვე შეძლო. ლიზის ბიოგრაფია განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილია.
პირველად რომ გამოვედი, მაყურებლისგან საოცარი პოზიტივი ვიგრძენი. ყველა კარგ კომენტარებს მიწერდა. ბოლოს, თიკა ფაცაციამ რომ თქვა, ვიტალი დარასელიას შვილიშვილიაო, ამანაც დიდი გავლენა მოახდინა. ბაბუაჩემმა ისეთი სახელი დატოვა, რომ ამას ვერაფერი შეცვლის. თუმცა, მთელი ცხოვრება ჩემი მიზანია, მე მე ვიყო. საერთოდ, ბავშვობიდან ასეთი ვარ – მიზანს რომ დავისახავ, მას აუცილებლად მივაღწევ. დედაჩემის დამსახურებაა ის, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ, თუმცა, ჩემით მივაღწიე იმას, რომ დღეს მაქვს ბენდი, აქტიურად ვარ ჩართული ივენთებზე, ვმონაწილეობ კორპორაციულ საღამოებში და ასე შემდეგ. არასდროს არავის დახმარება არ გამომიყენებია.
ყველა მეუბნებოდა, ძალიან კარგი ბაბუის შვილიშვილი ხარო – ამით ყოველთვის ვამაყობდი და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. თუმცა, ბაბუამ თავის სახელი დატოვა, მე ჩემი უნდა დავტოვო. მე მყავს ძმა, რომელიც აუცილებლად გააგრძელებს ბაბუაჩვენის კარიერას. მასაც ვიტალი ჰქვია, მამასაც ვიტალი ჰქვია ცნობილი ისტორიის გამო, ბაბუას მიერ გატანილ გოლთან დაკავშირებით. ჩემი ძმაც, ალბათ, ვიტალის დაარქმევს თავის შვილს. ბაბუამ ისეთი სახელი დატოვა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციად იქცა. მეც არ ვარ წინააღმდეგი, ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვა. თუმცა, ჩემი ძმა აგრძელებს ბაბუაჩემის გზას და ყველას გვაქვს მისი იმედი. დარწმუნებული ვარ, საქართველო მისით ძალიან იამაყებს.

