ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ბერდია სიჭინავა – ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სუსი-ს ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს “ჩორჩანას საქმეზე” სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გახარია ადვოკატი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებას და მის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის გაერთიანებას.

სიჭინავას განმარტებით, ორივე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც მან „უსაფუძვლოდ და არარაციონალურად“ შეაფასა.

“როგორც იცით, დღეს “ჩორჩანას საქმის” არსებითი განხილვა დაიწყო. დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იყო ორი შუამდგომლობა: ერთი – გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებაზე, რადგან ეს უფლება ევროპული კონვენციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის გარანტირებული, შესაბამისად, ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რა თქმა უნდა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მეორე შუამდგომლობა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა სრულიად არარაციონალური ახსნით, თითქოს, საქმეთა გაერთიანების შუამდგომლობა არ იყო არგუმენტირებული, მაშინ, როდესაც ერთი და იგივე ბრალდებულის მიმართ არის ორი სისხლის სამართლის საქმე წარმოებული, ერთი და იგივე ბრალმდებელია პროკურატურა და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, ერთსა და იმავე მოსამართლეს აწერია ორივე საქმე. წარმოუდგენელია ორ სხვადასხვა დროს გვიწევდეს სასამართლო პროცესების ჩატარება, როდესაც მოსამართლე ერთია, ბრალდებული ერთია, პროკურატურა ერთია. სრულიად აუხსნელი და ირაციონალურია ამ საქმეების დაყოფა“, – აცხადებს სიჭინავა.

სიჭინავას თქმით, თუ ჩორჩანაში განხორციელებული ქმედებები ეროვნული ინტერესების დაზიანებად მიიჩნევა, მაშინ პასუხისმგებლობა ეკისრებათ პირებსაც, რომლებიც იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მოგვიანებით გიორგი გახარიას მთავრობის წევრებიც იყვნენ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ პირებს სასამართლოში მოუწევთ განმარტებების გაკეთება.

„რაც შეეხება “ჩორჩანას საქმეს”, ამ სისხლის სამართლის საქმეს მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმე, სადაც ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა ეროვნულ ინტერესებს ხელყოფს, ამ საქმეზე დევნის განხორციელებით, ერთი მხრივ, ის პრეტენზიები, რასაც ქართული პროკურატურა გიორგი გახარიას უყენებს, ერთი-ერთში ემთხვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკას. შესაბამისად, სამართლიანობაზე არ იქნება საუბარი. ჩვენ მიმოვიხილეთ მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნები, ანგარიშები, რომელიც მქუხარე ტაშით იქნა მოწონებული და საქართველოს პარლამენტის მხრიდან დადებითად განხილული.

ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ ეროვნული ინტერესების რაღაცა ხელყოფის აქტი განხორციელდა ჩორჩანაში, ქართულ მიწაზე, ქართული მიწის დაცვისთვის, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით, როგორ აირჩიეს გიორგი გახარია ამ ადამიანებმა და როგორ გამოუცხადეს ნდობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორჯერ. ამ ადამიანების სიტყვას არც მაშინ ჰქონია ფასი და არც ახლა აქვს ფასი იმიტომ, რომ ზუსტად იმავეს გააკეთებენ, რასაც უბრძანებს ერთი ადამიანი, მათი სუვერენი, მათი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი და, სწორედ მისი შეკვეთით ხორციელდება დღეს მართლმსაჯულება გიორგი გახარიას მიმართ – არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის აქტი.

რა თქმა უნდა, მოუწევს აქ მობრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და იმის ახსნა თუ როგორ არ იცოდა ინფორმაცია საგუშაგოს აგების შესახებ და საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიიდან, ცხელი ხაზის მეშვეობით როგორ გაიგო საგუშაგოს აგების შესახებ. თუ ეროვნული ინტერესების ღალატს ჰქონდა ადგილი, მას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუდმივ მოქმედ საბჭოს წევრს, რატომ არ აქვს დაყენებული ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე? რატომ დუმდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იმ ადამიანის მთავრობაში რატომ მოიპოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, როდესაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ნდობა იქნა გამოცხადებული? რატომ დათანხმდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, თან ერთხელ კი არა, ორჯერ — ეს არ დაგავიწყდეთ. ამ ადამიანებს, მათ შორის არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც ახლა მრჩეველია რაღაც განათლების საკითხებში, მათ შორის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს, პრემიერ- მინისტრ ბახტაძეს, რომელიც არაფრის საქმის კურსში არ იყო თურმე, მოუწევს აქ მობრძანება და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ეს არ არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ, ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომელმაც შეიძლება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დააზიანოს”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ფარულავა – ჩვენი ამოცანაა, გაგრძელდეს ბრძოლა მშვიდობიანი კალაპოტით, გაძლიერდეს საგარეო წნეხი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, განაგრძობენ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.„დემოკრატიულმა ოპოზიციამ გააფორმა ალიანსი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი კალაპოტით, ასევე გაძლიერდეს საგარეო წნეხი, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით. ვმუშაობთ, რომ პოლიტპატიმრები დავიხსნათ და ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს საკუთარი სურვილების რეალიზება. პირველ რიგში, ევროპული არჩევანის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ივანიშვილმა მოაწყო ევროპული არჩევანის საბოტაჟი და ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ჩვენი გეგმა არის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ერთიანობისთვის, შენარჩუნდება ბრძოლის მშვიდობიანი კალაპოტი, გაძლიერდება საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტები, რათა ივანიშვილი იძულებული გახდეს, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.ცნობისთვის, 2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

გია ვოლსკი – ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს

ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკი აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.„შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერ უნდა ამოისუნთქოს, ვერ უნდა გაიხაროს იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიანესა და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები აქვთ. ამ ყველაფერს ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. მათი ინტერესია, როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით იყოს დივერსიფირებული. ჩვენი ინტერესია, ეს არ დავუშვათ და ინტერესთა ჯახი იწვევს ამ ისტერიკას. ინტერესების დაპირისპირებაში საღი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – ირანის დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება

ირანის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, დრონების ტექნიკური პარამეტრები და თავდასხმების დეტალები გამოძიების პროცესშია.სამინისტროს განცხადების თანახმად, ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

აზერბაიჯანული წყაროები ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო-ვიდეოს ავრცელებენ

აზერბაიჯანული წყაროები ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო-ვიდეოს ავრცელებენ.ნახიჩევანში დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში შეჩერდა სასწავლო პროცესი, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბაქო თეირანისგან მოითხოვს, მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, ხელშეკრულებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და Leisure Developmennt Patners-ის წარმომადგენელმა ნატალი ბახლინმა მოაწერეს ხელი.ბრიტანული კომპანია, ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ რიგში, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.„ფონდ „ქართუს“ დახმარებით, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოსაწყობად. სასიამოვნოა ასევე ის ფაქტი, რომ, რაც დედაქალაქს უკავშირდება, საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. თბილისში არაერთი პარკია, მათგან რამდენიმე ისტორიული ღირებულებისაა და საქალაქო მნიშვნელობის სტატუსი აქვს, მაგრამ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მქონე მასშტაბური გასართობი პარკი, რაც არა მხოლოდ თბილისელებისთვის იქნება შეკრებისა და გართობის მიზიდულობის ცენტრი, არამედ ტურისტულ რუკაზეც აისახება. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია, გაშენდეს ატრაქციონების პარკი. სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს, როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.მისი თქმით, მსოფლიოში ცნობილი საკონსულტაციო კომპანია LDP, გასართობი ინდუსტრიისა და ტურისტული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზსა და სტრატეგიის შემუშავებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სარეკრეაციო და გასართობი სივრცის მშენებლობის დეტალური პროექტი მათ მიერ შემუშავებული კვლევების მიხედვით მომზადდება.„მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული მიმართულების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, თბილისის, როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის იმიჯის გამყარებას და რაც მთავარია, შექმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ასაკის ვიზიტორები დაისვენებენ და გაერთობიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი „ქართუ“ დედაქალაქში გამწვანების რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის მთაწმინდის ფერდის გამწვანებისა და თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაა, თბილისს ესაჭიროება ახალი ყაიდის რეკრეაციული ზონა, სადაც გართობასთან ერთად, დასვენების შესაძლებლობა იქნება.„ფონდი „ქართუ“ კვლავ ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდით უდგას სახელმწიფო სამსახურებს, მათ შორის თბილისის მერიას, იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს ესაჭიროება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით კი, ახალი პროექტი საქართველოს ბაზრისთვის პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.„მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ინვესტიცია მოიტანს საკმაოდ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორც კონსულტანტები, ჩვენი როლია, ვმართოთ დიზაინის გუნდი იმისთვის, რომ შევქმნათ საკმაოდ ამბიციური პროექტი და კონცეფცია, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის რეალობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან. ვფიქრობ, მაქსიმალურად შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის განხორციელებას“, - განაცხადა ნატალი ბახლინმა.ხელისმოწერის ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, ფონდი „ქართუსა“ და ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები