ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან და არ შეგვიძლია მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტში ჩართულმა ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და ერთგულება გამოხატონ დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ.
„ჩვენ, დანარჩენებმა უნდა ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად და დავიცვათ ახლა იგივე ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ღაზაზე, ვენესუელასა, თუ გრენლანდიაზე. საკითხი არ არის იმაში, ვართ თუ არა აიათოლების მომხრე. არავინ არის. რა თქმა უნდა, არც ესპანელი ხალხი და, ცხადია, არც ესპანეთის მთავრობა. საკითხი უფრო იმაშია, ვართ თუ არა საერთაშორისო სამართლის და, შესაბამისად, მშვიდობის მხარეს. ჩვენ რაც ვიცით, არის, რომ (ირანის ომი) არ გამოიწვევს უფრო სამართლიან საერთაშორისო წესრიგს, არც უფრო მაღალ ხელფასებს, უკეთეს საჯარო მომსახურებას ან უფრო ჯანსაღ გარემოს. ფაქტობრივად, რისი წინასწარ განჭვრეტაც ამ მომენტში შეგვიძლია, არის მეტი ეკონომიკური გაურკვევლობა, ნავთობის და გაზის ფასების ზრდა. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ესპანეთში ამ კატასტროფის წინააღმდეგ. მთავრობები აქ არიან იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუმჯობესონ, პრობლემების გადაწყვეტა უზრუნველყონ და არა იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუარესონ. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ის ლიდერები, რომლებსაც ამ მისიის შესრულება არ შეუძლიათ, ომის კვამლს იყენებენ თავიანთი წარუმატებლობის დასამალად. და, სხვათა შორის, ჯიბეების გასავსებად – ერთადერთი, ვინც იმარჯვებს, როდესაც მსოფლიო წყვეტს საავადმყოფოების მშენებლობას რაკეტების გასაკეთებლად. სწორი სიტყვაა მოთხოვნა, რადგან ესპანეთი არის ევროკავშირის, ნატო-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ეს კრიზისი გვეხება ჩვენც, ევროპელებს, შესაბამისად, ესპანელებსაც. სწორედ ამიტომ უნდა მოვთხოვოთ შეერთებულ შტატებს, ირანსა და ისრაელს, შეჩერდნენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

