ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

„როიტერი“ – ევროპაში არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებისთვის

უკრაინის მისწრაფება, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მიიღოს, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მხრიდან ხისტ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წერს.

„როიტერის“ მიხედვით, ეს იქნება „პანდორას ყუთის“ გახსნა და უკრაინის სწრაფმა მიღებამ შესაძლოა, მრავალი პრობლემა გამოიწვიოს.

უკრაინის პრეზიდენტს სურს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირში 2027 წლამდე გაწევრიანდეს, თუმცა, სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, პირად საუბრებში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი.

გამოცემის ცნობით, „როიტერი“ ესაუბრა რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს. მათგან ბევრმა მიუთითა ამ იდეის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ შეშფოთებაზე. „როიტერის“ მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა ის, რომ უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა მათი დაჩქარებული წესით გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, შეწყვიტონ რეფორმები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ „როიტერს“ განუცხადა, რომ კიევი მზადაა, გაითვალისწინოს ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთებები და გარკვეული გარანტიების შეთავაზებით გამოვიდა. მათ შორისაა მონიტორინგის სისტემის შემოღება დემოკრატიული სტანდარტების დაცვის შესამოწმებლად და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე სრულ წვდომამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება.

კაჩკას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური ვალდებულების აღება მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს აუცილებელია სამშვიდობო პროცესისთვის, ევროპაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე პრემიერმა.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა მოიცავს მრავალწლიან დეტალურ მოლაპარაკებებსა და სამართლებრივ რეფორმებს, რათა ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებთან. პროცესის ყოველი ეტაპი საჭიროებს ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას.

დიპლომატების თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დახურულ შეხვედრებზე ამ პროცესის რეფორმირების შეთავაზებით გამოდის. მისი იდეის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანამ თავიდანვე სრულად შეასრულოს ყველა აუცილებელი რეფორმა, მას უნდა შეეძლოს ევროკავშირში გაწევრიანება მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, თუმცა ევროკავშირის ფონდებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე წვდომა შეზღუდული უნდა ჰქონდეს, ვიდრე წევრობის ყველა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ამან შეიძლება, გაამარტივოს ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ ივარაუდა, რომ უკრაინას მომავალ წელს მაინც შეეძლება, ხელი მოაწეროს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას, თუმცა რატიფიკაცია და სხვა ეტაპები უფრო ხანგრძლივი იქნება.

„თუმცა, ანალიტიკოსები და დიპლომატები ასეთი გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო მზადყოფნას ვერ ხედავენ, მათ შორის ვერც ფონ დერ ლაიენის მიერ შეთავაზებული რეფორმის მიმართულებით“, – წერს „როიტერი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯოზეფ ბორელი – მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობისა და ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე უარის გამო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს ესპანეთის ხელისუფლებას, რომელმაც მისი თქმით, აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.„სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მთავრობის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობასა და ესპანეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის არ მიცემის გამო. ეს ევროკავშირის საფუძვლად დადებული პრინციპებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დადასტურებაა“, –  წერს ჯოზეფ ბორელი.ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ „ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია, ამავდროულად, წინააღმდეგია გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება“. 

დიმიტრი ცქიტიშვილი – დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში

დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რა მასშტაბებს მიიღებს, არ ვიცით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველო მარტო არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე."ის, რომ საქართველო მარტო არის დარჩენილი და რეალური პარტნიორები არ გვყავს, ეს მთავარი პრობლემაა დღეს. მეორეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ის არის, რაც არის და ბოლო ათეული წელია, ასეა, შესაძლებელი იყო გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფორმატები, მაგრამ არა იმ ხარისხის და ფორმატის, როგორიც მივიღეთ.დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რომელმაც ზიანი მიაყენა ირანის ატომურ პროგრამას და ამით დამთავრდა, ეს უფრო განგრძობითი პროცესია, როგორც გამოცხადდა, მინიმუმ, ოთხკვირიანი გეგმაა. რა განვითარდება და რა მასშტაბებს მიიღებს, ეს ჯერ არ არის ცნობილი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს დაარტყა. ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. ამჟამად საომარი მოქმედებები გრძელდება.

კახა კალაძე – მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით – მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, ამაზე ძვირფასი არაფერია

მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში განაცხადა.მანვე განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი ქართველების საქართველოში დაბრუნება მასკატიდან და რიადიდან.კალაძემ პრემიერ-მინისტრს ჩარტერული რეისების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა."გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს, სად ვართ, როგორ ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. ახლა, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა შვილი - ნიკოლა სტამბოლის აეროპორტში ვართ და ვბრუნდებით თბილისში. რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მართლაც ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად, ვისაც სურვილი გაქვთ, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ფრენები არის ომანიდან, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან - კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ფრენები არის მასკატიდან. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში. დღეს ღამე ვიქნებით თბილისში.მინდა, მშვიდობა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ემანუელ მაკრონი – აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.

ემანუელ მაკრონი – ომისთვის მთავარი პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს, არავისზე დაგვწყდება გული

საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.„ამ სიტუაციაზე უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო  მიმართვაში.მან ახსენა ირანის „სახიფათო ბირთვული პროგრამა“, თეირანის მიერ ლიბანში და იემენში „ტერორისტული დაჯგუფებების“, ხოლო ერაყში მეამბოხეების მხარდაჭერა და „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება“.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.

ბოლო სიახლეები