ადამიანები ქართული გვარებით, საქართველოს მოქალაქის წოდებით ეხმარებიან ძალებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ საჭიროა ცეცხლში ჩაგდება ამ შუა დერეფნის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნის და ეს უნდა განხორციელდეს არა არჩევნებით, არამედ რევოლუციური გზით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაშლილა.
„ყოველთვის ერთად იყვნენ. უბრალოდ, ილუზიას ქმნიან, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს. იქ შეიკრიბნენ ყურადღება მიიქციეს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს მათ შესახებ ინფორმაცია, ახალი განცხადებები გააკეთეს, თუმცა არასოდეს დაშლილან. არც „ლელო“ და გახარიას პოლიტიკური პარტია შორს არ ყოფილა იმ იდეისგან და იმ აქტივობებისგან, რაც მათ ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ. ეს ყველა ერთია, ვინაიდან საქმეები გვიჩვენებს ამას და არა უბრალოდ განცხადებები. საქმე არის ერთი, ძალიან სერიოზულად შემაშფოთებელი, ვინაიდან საქართველოში ჩამოყალიბდა და უკვე მყარად დგას, უკვე რაღაც გაერთიანების ფორმა აქვს ამას წლებია, მთავარი ნიშნით, მთავარი ამოცანით და მთავარი სამიზნით, როგორ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა, როგორ მოახდინონ ისეთი სიტუაცია, როგორ შექმნან, რომ როგორმე იქნებ ბომბები ჩვენც გვეცემოდეს და როგორ დადგნენ შემდეგ ცალ ფეხზე, რომ იქნებ რაღაც პროცესის მონაწილენი გახდნენ და ხელისუფლების სადავეები აიღონ ხელში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, „დიფ სთეითის“ მიზანი ყოველთვის ერთი და იგივე იყო.
„სცენარი და მიზანი ყოველთვის ერთი და იგივე იყო „დიფ სთეითის“, გინდა ომის პარტია დაარქვით, გინდა ოლიგარქიული ოჯახები, რომ ჰყავდეთ ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან რეგიონში ისეთი მოკავშირე პოლიტიკური ძალა, რომელსაც თავისუფლად გადააადგილებენ ან გააკეთებინებენ იმას, რაც მათ ინტერესებს შეესაბამება და შესაძლოა, ვინმეს ილუზიაც აქვს, რომ იგი რამეს წარმოადგენს ამ საერთო სურათში, რომელიც სამწუხაროდ ისეთი სერიოზული დაპირისპირებითა და ტურბულენტობით ხასიათდება. ვიღაცას გაუჩნდა აზრი, რომ იგი რაღაცას წარმოადგენს ამ ომში თუ არა საზარბაზნე ხორცს, რასაც პირდაპირ არც გვიმალავენ, იმდენად აშკარაა ეს მცდელობა ჩვენს წინააღმდეგ, ამას გარკვეული მიზანი გააჩნია და გარკვეული სტრატეგია არსებობს. აი ამის რეალიზაციაში ადამიანები ეხმარებიან ქართული გვარებით, საქართველოს მოქალაქის წოდებით ეხმარებიან ძალებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ პირდაპირ საჭიროა ცეცხლში ჩაგდება ამ შუა დერეფნის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნის და ეს უნდა განხორციელდეს არა არჩევნებით, არამედ რევოლუციური გზით და რამდენიმე ათეული მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ ბოლო წლების განმავლობაში ამ პოლიტიკისა და ხედვის გამოვლინების. დღეს ვიხილეთ კიდევ ერთი შეკრება იმისთვის, რაღაც იქნებ განახლდეს ასეთ ვითარებაში, რაც მსოფლიოს, სამწუხაროდ, ახასიათებს, იქნებ განახლდეს ინტერესი კვლავ მარიონეტებისა და ცალ ფეხზე მდგომი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

