შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე მხარე გეგმავს მოლაპარაკებების განახლებას თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს.
„დავასრულეთ დღე შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შემდეგ“, – განაცხადა ბადრ ალბუსაიდიმ.
მისი თქმით, ტექნიკური დონის დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, საიდ ბადრ ალბუსაიდი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული ნებისმიერი არსებითი ნაბიჯი შეამცირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ირანზე თავდასხმის შესაძლო პერსპექტივას.
შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ომანის შუამავლობით, ჟენევაში გუშინ გაიმართა.

