შეერთებულ შტატებსა და ირანს შეუძლიათ, შეთანხმებას მიაღწიონ, თუ ვაშინგტონი „ბირთვულ და არაბირთვულ საკითხებს“ ერთმანეთისგან გამოყოფს, – ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა.
წყარომ მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ის საკითხები, რომლებზეც ქვეყნები ჯერ ვერ თანხმდებიან, ჟენევაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს გადაწყდება.
ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებები „ინტენსიურად და სერიოზულად“ შეაფასა.
„არსებობს ახალი იდეები, რომლებიც თეირანთან კონსულტაციისთვისაა საჭირო. ჯერ კიდევ რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც უნდა შევამციროთ“, – განაცხადა მან.
წყაროს თქმით, აშშ-ის გუნდი მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს, რათა შეთანხმების მონახაზი ან ჩარჩო დაასრულოს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა არაერთ საკითხზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

