ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი “მეხუთე კოლონა” რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, უცვლელია მიზანი – სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან – შალვა პაპუაშვილი

“25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს. მისი თქმით, 25 თებერვალი ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს.

“1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალით ჩაახშო. დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და საქართველო 70 წლით ახალი იდეოლოგიისა და წითელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა. ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინდა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვებიც ღრმად იყო გადგმული წინა საუკუნეებში.

ჩვენ გვყავდა მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა არაერთი დიდებული პლეადა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვქონდა მთავარი – დამოუკიდებლობა. არასოდეს, ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველს არ მიუტოვებია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ იმპერიულ სივრცეში უხდებოდა არსებობა.

25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა. მეტიც, ჩვენი დამოუკიდებლობის ხიშტით ხელყოფას დაემატა მისი სიტყვით ხელყოფა, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას – ქართველთა ტვინების ოკუპაცია, კომუნისტური ინტერნაციონალი ჩაანაცვლა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, თბილისის თავზე წითელი დროშის აღმართველი ორჯონიკიძე კი, უცხო დროშების მოფრიალე უსამშობლოებმა. ისტორია გვაჩვენებს, რომ გარე აგრესია შიდა სისუსტით ძლიერდება.

ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი “მეხუთე კოლონა” რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, იცვლება ფორმები, მაგრამ უცვლელია მიზანი – სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან. 25 თებერვალი აუცილებლად უნდა იყოს ამის შეხსენებაც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა ვითარებაში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს რა ფასი გადაიხადა საქართველომ თავისუფლების სიყვარულისთვის, უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობის ნამდვილი ღირებულება. დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს. 25 თებერვალი ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს”, – წერს პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის წარმომადგენლობა – საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში

ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის.„დღეს ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას.საბჭოთა მმართველობამ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.ამ დღეს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული საფუძვლების მიმართ“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ, თუ ამის თავი არ აქვთ,...

არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ, თუ ამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ელჩი ცდილობს, საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ჩაერთოს.„გუშინ სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არ უთქვამთ. ამხილეს ფაქტობრივად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ოთხი წელი მიზეზი, რატომაც ჩვენ დასავლეთი და ევროკავშირი გვერჩოდა იყო ის, რომ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. ეს საუბარი, რომ თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის, როცა ქვეყანას ეუბნები, რომ უნდა დაუწესო სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვა, ვაჭრობა არ გქონდეს, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, როგორც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა და იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ, ერთი ჯარისკაციც არ ჩამოვა ჩვენთან. შეგვატოვებენ მარტო, როგორც ყოველთვის.რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ის ბოლო პერიოდია კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად დ მათ შორის პარლამენტის წევრებთან, პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას ანუ ომს. როცა მას ეუბნებიან, თუ ჩვენს ბიზნესს ავუკრძალავთ და არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის შემოტანა და გაძვირდება ყველა პროდუქტი, მისი პასუხია, არაუშავს, ჩვენთანაც გაძვირდაო. ასეთი ადამიანი შემდეგ რომ ქართულად გველაპარაკება და სიყვარულზე გველაპარაკება, ამ ფარისევლობას ვხედავთ. არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ბრიტანეთის, გერმანიის, ჩასვან ის თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ. თუ რამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით

არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გაერო-ს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ჰქონდა მხარდამჭერი პოზიცია.„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა“.რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 51-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და უნგრეთი.

ირაკლი კობახიძე – ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი

გახსოვთ, ოთხი წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა

პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას მატივი მიაგო.პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის.„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები