ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

ანტონიუ გუტერეში – ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მასობრივი ტანჯვა გამართლებულია, სადაც ადამიანებს იყენებენ სავაჭრო ბარათებად, საერთაშორისო სამართალს ეპყრობიან, როგორც წინაღობას

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მასობრივი ტანჯვა გამართლებულია, სადაც ადამიანებს იყენებენ სავაჭრო ბარათებად, სადაც საერთაშორისო სამართალს ეპყრობიან როგორც წინაღობას, კონფლიქტები მრავლდება და დაუსჯელობა გახდა ნორმა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გუტერეშის თქმით, ეს ყველაფერი არ ხდება ცოდნის, თუ ინსტიტუტების ნაკლებობის გამო, არამედ ეს არის პოლიტიკური არჩევანის შედეგი.

„ადამიანის უფლებების კრიზისი ასახავს და აძლიერებს ყველა სხვა გლობალურ ბზარს. ჰუმანიტარული საჭიროებები ფეთქებადი სისწრაფით იზრდება, ხოლო დაფინანსება იშლება, უთანასწორობა კი, თვალისმომჭრელი სიჩქარით ფართოვდება. ქვეყნები ვალებში და სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილი. ტექნოლოგია, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი, სულ უფრო მეტად გამოიყენება ისე, რომ ახშობს უფლებებს, აღრმავებს უთანასწორობას. ონლაინ სივრცეები მოწამლულია დეზინფორმაციითა და სიძულვილით. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო საფუძვლები კომპრომისების გარეშე. გაერო-ს წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები ადამიანის უფლებების სფეროში არ არის სახელმძღვანელო, საიდანაც შეიძლება, მოსაწონი ნაწილები ამოარჩიო და დანარჩენი უგულებელყო. მეორე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი ინსტიტუტები. არ შეიძლება, ვიქცეოდეთ ისე, თითქოს დღევანდელი გლობალური მმართველობის სისტემის დისფუნქცია რაღაცნაირად განცალკევებულია გლობალურად ადამიანის უფლებების გაუარესებისგან. უსაფრთხოების საბჭო როცა ბლოკირებულია, როდესაც ვეტო პოლიტიკური ფარის ფუნქციას ასრულებს, როდესაც გეოპოლიტიკური მეტოქეობა მოსახლეობის დაცვას გადაწონის, ყოველთვის ერთი და იგივე იქნება შედეგი: დაუსჯელობა გაიზრდება და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების საბჭო, რომელიც დღევანდელ სამყაროს ასახავს და არა 1945 წლის სამყაროს. იგივე ითქმის საერთაშორისო ფინანსურ არქიტექტურაზე: განვითარებადი ქვეყნები უნდა სარგებლობდნენ რეალური მონაწილეობითა და სრულფასოვანი ხმის უფლებით. მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოები სესხების ხაფანგში როცა იმყოფებიან და ადეკვატურ ინვესტიციებს არიან მოკლებული, მათი მოქალაქეები მოკლებული არიან ადამიანის უფლებებს, განათლებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და ღირსებას“, – აღნიშნა ანტონიუ გუტერეშმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა, გვარამიას ჩამოერთვა პასპორტიც.ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა დაბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ისევ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ, ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს

მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ისევ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალებასთან, „ზერკალასთან“ ინტერვიუში განაცხადა.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, როდესაც რუსეთმა და ბელარუსმა „ძალიან მასშტაბური“ წვრთნები ჩაატარეს, უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო.„ვიცი, რომ ისინი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე საუბრობენ ისევ. ვნახოთ, რამდენად მასშტაბური იქნება წვრთნები. ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ თავად ბელარუსებისთვისაც დიდ რისკს წარმოადგენს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის რაკეტები „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს.ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი და ბელარუსი „ორეშნიკის“ რაკეტების ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით „შოუს“ აწყობენ, რადგან ჯერ არა მთელი კომპლექსი, არამედ „მხოლოდ შესაბამისი მანქანებია“ მიწოდებული. მისივე თქმით, ამ ქმედებების მიზანი ევროპის დაშინებაა.„ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა განიხილოს. უკრაინა, თავის მხრივ, ამ საფრთხეს შეაფასებს, მაგრამ მისი (ალექსანდრ ლუკაშენკოს) მხრიდან თამაშს აზრი არ აქვს, რადგან ასეთი ნაბიჯების შემდეგ რუსები „ორეშნიკს“ ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე ლუკაშენკოსთან კონსულტაციის გარეშე შეიტანენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა ბელარურის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც და აღნიშნა, რომ კიევი ამ სანქციების პოლიტიკის გასაგრძელებლად სამართლებრივ ჩარჩოს ავითარებს. მისივე თქმით, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები „მხოლოდ პირველი ნაბიჯია“.„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივ ჩარჩოზე ჩვენი სანქციების პოლიტიკის გასაგრძელებლად. ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლუკაშენკოზე, არამედ მის უახლოეს წრეზე, მის ვაჟებზე და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკელები მასთან კომუნიკაციის გზის პოვნას და დიპლომატიური გზებით შედეგების მიღწევას ცდილობენ. ახლა ჩვენ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას და ამერიკელებს გავაგებინებთ, რომ ასე არ შეიძლება. ის მხარს უჭერს რუსულ რეჟიმს, ის მხარს უჭერს არა მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკას, არამედ ომსაც და ხელს უწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი – მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება, აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში

მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საბოტაჟის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის ბრძოლა.„ახლა ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება. ვიცი, რომ ზოგიერთი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდა, ცალკე პროექტი გვინდა. ამას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ამოვიდეთ იქიდან, საბოტაჟის გამტარებლები არიან თუ არა მტრები? მტრები თუ არიან, მაშინ მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, საუბარია იმაზე, რომ აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას.ზოგიერთი მსახიობი თვითონ დასდევდა აქციაზე და ჩემს სურათებს ართმევდა პროტესტანტებს. სურათს როცა ართმევ პროტესტანტებს, ძნელია, შენ როცა გჭირდება, ისინი მოვიდნენ დასახმარებლად. საქართველოში ძალიან, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. რა თქმა უნდა, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ვითხოვ მთელი გულით, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ასე ცოტა? რადგან მანამდე ჩემს სურათებს დასდევდნენ. ასე ერთიანობა აღარ გამოვა. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ, ყველანი გვერდზე გადავდებთ ძველ წყენას და შეგვეძლება ერთად ბრძოლა. ერთადერთი გზა არის ბრძოლა. უახლოეს კვირებში ყოფა ეტირება ირანის დიქტატურას, რაც ძალიან დაასუსტებს რუსეთს. ეს იმათ უნდა იკითხოთ, ვისაც გასაქცევი აღარსად გექნებათ. ამიტომ მინდა, ყველამ ვიცოდეთ, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები დააკავეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი - გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი. პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს, გია ონიანმა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.„ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, ,,ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო ჭიჭინაძე – მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს – არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“,ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები...

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს.ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს. ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის.თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა - სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია“, - წერს ანდრო ჭიჭინაძე.შეგახსენებთ, მსახიობების ნაწილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა. მსახიობთა პროტესტი ვასო აბაშიძის თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას მოჰყვა. თეატრზე ანდრო ჭიჭინაძის ბანერი იყო განთავსებული წარწერით: „თავისუფლება სისტემის პატიმრებს“.არსებული ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი „რუსთავი 2-ის“ გადაღებების გამო ჩამოხსნეს.შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, სანდრო ჭიჭინაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბოლო სიახლეები