პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული.
როგორც ხვედელიანმა განაცხადა, ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს.
„ზოგადად, ეს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებულია, რადგან ჩვენს მოსახლეობას ეს პრობლემა, დიდი ხანია, აწუხებს. ამაზე საუბარი მუდმივად არის. ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, როგორც სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იძულების წესით იღებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება სწორია.
სახელმწიფომ ბიზნესს სტანდარტები უნდა შესთავაზოს და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ქვეყანაში ქართველები მძიმე მდგომარეობაში არიან, გარბიან ქვეყნიდან იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელიც „ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.

