ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026

გია ხუხაშვილი – მაფიოზური ომების არენად იქცა ქვეყანა, დენთის სუნი ტრიალებს, არ არსებობს სამართალი – ბაჩიაშვილის გათავისუფლებაც ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხის სევდიანი ისტორიაა, ღარიბაშვილს და ლილუაშვილსაც იმავეს ეუბნებიან: გადაიხადე, წადი სახლში

ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელისუფლების გაგზავნილია ერთ-ერთ ქვეყანაში მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების დასაზუსტებლად.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, დავითაშვილი შესაძლოა აზერბაიჯანში იმყოფებოდეს. ასევე, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი კვლავ კომპანია BP-ია, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ იგი ბრიტანეთშიც იყოს ჩასული.

„არ მგონია, რომ დავითაშვილი სადმე გაქცეულიყო. დავითაშვილი შეიძლება კითხვებზე პასუხების გასაცემად ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა, რომ ამ კონტრაქტთან დაკავშირებით რაღაც დაზუსტებები მოხდეს. ხელისუფლებას თუ არ უნდოდა მისი გაშვება, არ გაუშვებდა. გუშინვე ჩამოართმევდა პასპორტს და დამთავრდებოდა. ხელისუფლების გაგზავნილია – შეიძლება აზერბაიჯანში იყოს წასული, ტრანსპორტირების ოპერატორი ჯერ კიდევ BP-ია და შეიძლება ბრიტანეთში იყოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს და მის გათავისუფლებას, ხუხაშვილის შეფასებით, ბაჩიაშვილს ჰქონდა იმედი, რომ საკითხი სხვაგვარად დარეგულირდებოდა, თუმცა საბოლოოდ, როცა სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო, კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა.

„ახალგაზრდა კაცია, როდემდე უნდა მჯდარიყო ციხეში?! ხვდებოდა, რომ ხელისუფალი არასდროს გამოუშვებდა. ახალ და ახალ საქმეებს „შეუკერავდა“. შესაბამისად, გარიგებაზე წავიდა. ბაჩიაშვილის დაპატიმრების მიზანი თავიდანვე ხომ არ ყოფილა ციხეში ჩასმა ან პოლიტიკური დევნა, მოტივი იყო ძალიან ბანალური – ფული, როგორც ჩანს. ფული „აახიეს“, რითაც მისი ციხეში ყოფნის საჭიროება გაქრა.

იმედი ჰქონდა, რომ საკითხი სხვანაირად დარეგულირდებოდა. იმედი გადაეწურა, სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო და გატყდა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის გათავისუფლება საზეიმო მოვლენა არ არის და მას „ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიან ისტორიად“ აფასებს.

ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი გზავნილები შესაძლოა სხვა მაღალჩინოსნებსაც ეხებოდეს და ამავე კონტექსტში ახსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც არ არის სამართალი და სასამართლო, ქვეყანა „მაფიოზური ომების არენად“ იქცა.

„ყველაფერი იქით მიდის, რომ სისხლიანი გარჩევები დაიწყება. მაფიოზური ომების არენად იქცა ქვეყანა. არ არსებობს, არც სასამართლო, არც სამართალი. სასამართლო ჩაცუცქული არჩევს საქმეებს. ბაჩიაშვილის საქმე არ არის ამის დადასტურება? ჯერ სამოქალაქო საქმე სისხლის სამართალში გადაიტანეს. შემდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს უცხო ქვეყანაში და ქეჩოთი ჩამოათრიეს. ციხეში სცემეს. „აკაჩავეს“, „აკაჩავეს“ და გატეხეს. ბაჩიაშვილის გათავისუფლებაც არ არის საზეიმო. ეს არის ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიანი ისტორია. ღარიბაშვილსაც ეუბნებიან, გადაიხადე, წადი სახლში. ლილუაშვილსაც იმავეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამ ფონზე, ხუხაშვილის თქმით, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობის ნიშნები, პარალელურად, მისი შეფასებით, დაპირისპირება მიმდინარეობს ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის – მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ჯგუფებს შორის.

მისი შეფასებით, პროცესები უკიდურესად იძაბება და არსებობს საფრთხე, რომ დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს.

„საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობის ნიშნები როგორც საგარეო პოლიტიკით, ასევე ქვეყნის შიგნითაც. ვიქეცით მაფიოზური ომების არეალად. ჯანგველაძის “ქეისი” რომ ავიღოთ, დღეს ვაკვირდებით ორი დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს: ჯანგველაძის და ფარცხალაძის დაჯგუფება. ანუ დაწყებულია მაფიოზური ომი. დენთის სუნი ტრიალებს. უმძიმესი პროცესი მიმდინარეობს. ისე იძაბება სიტუაცია, რომ შეიძლება სისხლიანი გარჩევები ვნახოთ. დღეს, რაც ვნახეთ საქალაქო სასამართლოსთან ეს არ არის სახუმარო. მძიმე შემთხვევაა. მაფიოზური ომების არენად იქცა საქართველო. ხელისუფლებაც კრიმინალიზებულია, რადგან ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრაში ევროკომისიის მონაწილეობით გაოცებული ვართ, რადგან მას არ გააჩნია საბჭოსგან მანდატი, რათა იქ წარდგეს

საფრანგეთი „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრაში ევროკომისიის მონაწილეობით გაოცებულია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პასკალ კონფავრომ განაცხადა., ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.კონფავრომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაოცებულია ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რადგან კომისიას არ გააჩნია წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის მანდატი. კონფავროს თქმით, პარიზის პოზიციაა, რომ „მშვიდობის საბჭომ“ ყურადღება უნდა გაამახვილოს ღაზაზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, და ვიდრე ეს გაურკვევლობა არ აღმოიფხვრება, საფრანგეთი მონაწილეობას არ მიიღებს.„ევროკომისიასთან და მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, სინამდვილეში გაოცებულები ვართ, რადგან მას არ გააჩნია საბჭოსგან მანდატი, რათა იქ წარდგეს”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთი დიპლომატი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჰქონდა თუ არა ევროკომისიას უფლება, ეს გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე მიეღო.„გაოცებული ვართ, რომ ევროკომისიამ გადაწყვიტა ღონისძიებაზე წარდგომა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრმა ქვეყანამ ეჭვქვეშ დააყენა ინიციატივის სანდოობა, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს გაერო-ს ჩანაცვლებას”,- განაცხადა ბელგიელმა დიპლომატმა.ცნობისთვის, ევროკავშირმა დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სადამფუძნებლო სხდომაზე ხმელთაშუა ზღვისპირეთის საკითხებში ევროკომისარი, დუბრავკა შუიცა გაგზავნა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აიათოლები შეცდომას თუ დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ

აიათოლები შეცდომას თუ დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. და ერთი რამ ცხადია – თუ აიათოლები შეცდომას დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. ისრაელი ჩვენს მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან ერთად მოქმედებს”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ღაზასთან დაკავშირებით საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება, ღაზა დემილიტარიზებული იქნება.„ძალიან მალე „ჰამასი“ დილემის წინაშე აღმოჩნდება – დათმოს იარაღი მარტივი გზით თუ რთული გზით”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ნეთანიაჰუს თქმით, რომ მტრის ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონები ან უსაფრთხოების ზონები „სახმელეთო შეჭრის საფრთხის შემცირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ჩვენს მეგობრებთან შეერთებულ შტატებში: ღაზის სექტორის აღდგენა მის დემილიტარიზაციამდე არ მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მაროკო, ალბანეთი, კოსოვო, ინდონეზია და ყაზახეთი ღაზის სექტორში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ჯარების გაგზავნას დათანხმდნენ

ღაზის სექტორში მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას ხუთ ქვეყანა, მათ შორის ყაზახეთი, ალბანეთი და კოსოვო მიიღებენ.შესაბამისი შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში გამართული „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდა.ტრამპის განაცხადებით, ღაზაში ჯარების გაგზავნას ხუთი ქვეყანა დათანხმდა: მაროკო, ალბანეთი, კოსოვო, ინდონეზია და ყაზახეთი.სხდომაში მონაწილე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაადასტურა მზადყოფნა „მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს“ სამხედრო დანაყოფების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მშვიდობისმყოფელი დამკვირვებლების ღაზაში გაგზავნით.თოყაევის თქმით, ასტანა ასევე გამოყოფს დაფინანსებას, საკვებსა და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის და მონაწილეობას მიიღებს დანგრეული შენობების აღდგენაში.საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს ევალებათ ღაზაში წესრიგის დაცვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მტკიცე მშვიდობის დამყარების ხელშეწყობა.

გია ვოლსკი – ბაჩიაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია, მიხვდა, რომ უარი უნდა თქვას წამებულის როლზე და აღიაროს სიმართლე – ვინც აანაზღაურებს თუნდაც მძიმე ზარალს, რაც...

ბაჩიაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიხვდა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ მან უარი უნდა თქვას წამებულის როლზე, უარი უნდა თქვას იმაზე, რომ არის პოლიტიკური მოტივით დაჭერილი და აღიაროს სიმართლე, რომელიც, რასაკვირველია, განმტკიცებულია კონკრეტული ფაქტებით და არა ვინმეს ნება-სურვილით , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი პოლიტიკური პატიმარი არც ყოფილა და ვერც გახდებოდა პერსპექტივაში."მტკიცებულებათა ერთობლიობა აღიარების გარდა, სხვა გზას არ ტოვებს. აღიარა იმიტომ, რომ რეალურად ჩაიდინა დანაშაული და მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, რასაკვირველია, აისახა კონკრეტულ ქმედებებშიც. რასაკვირველია, საფუძვლიანი ეჭვია, რომ სწორედ იმიტომ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის საქმიანობას, თუნდაც იმ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს, რომ როგორმე თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისგან, რომელიც აუცილებლად მოუწევდა იმ დანაშაულებების გამო, რომელიც რეალურად ჩაიდინა. რეალურია მტკიცებულება, სადაც რეალურად მონაწილეობდა რეალური ადამიანი, აქედან გამომდინარე, მისი აღიარება, თუნდაც ზარალის ანაზღაურება, უნდა გახდეს საფუძველი... არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად, არსებობს ეს პოლიტიკა საქართველოში, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც აანაზღაურებს თუნდაც მძიმე ზარალს, რომელიც სახელმწიფოს, კონკრეტულ პირს, პირთა ჯგუფს მიაყენა, თუ აღიარებს, და ამ შემთხვევაში ესეც მოხდა, რასაკვირველია, კანონი მის მიმართ იქნება შეღავათიანი.ბაჩიაშვილი არათუ პოლიტიკურ პატიმრად იყო აღიარებული, არამედ საერთაშორისო სასამართლოში ამ საკითხის მიტანით ემუქრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. რასაკვირველია, ამას პერსპექტივა არ ჰქონდა. ეს ყველაფერი დაინახა თავად ბაჩიაშვილმა. იგი არ არის უგონო ადამიანი, საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიხვდა რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა განაპირობებს იმას რომ მან უარი უნდა თქვას წამებულის როლზე, უარი უნდა თქვას იმაზე, რომ არის პოლიტიკური მოტივით დაჭერილი და აღიაროს ის სიმართლე, რომელიც, რასაკვირველია, განმტკიცებულია კონკრეტული ფაქტებით და არა ვინმეს ნება-სურვილით. ასე რომ, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა უჭერდე მხარს, ჯერ თვალი უნდა გაახილო და უნდა დაინახო, რომ პოლიტიკური პატიმარი ბაჩიაშვილი არც ყოფილა და ვერც გახდებოდა პერსპექტივაში," - განაცხადა ვოლსკიმ.კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც გათავისუფლდნენ, ვოლსკი ასე პასუხობს:"აღიარება, ზარალის ანაზღაურება, რასაკვირველია, შეიძლება გახდეს ლოიალობის წინაპირობა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ლილუაშვილს - ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია, - განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

თამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან

„თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.მისი თქმით, ეკონომიკური სიდუხჭირე ვერ ჩაითვლება დემოგრაფიის მიზეზად, რადგან მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა განვითარებულია, დემოგრაფიული პრობლემა იმაზე მაღალია, ვიდრე დღეს საქართველოში.„ეროვნული ცნობიერების დაქვეითება მთავარია დემოგრაფიული პრობლემების გამოწვევაში. როდესაც საუბარია, რომ სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი მიდის ემიგრაციაში, ფინანსური სიდუხჭირის გამო არ იქმნება ოჯახები, შვილებას არ აჩენენ იმიტომ რომ, არ აქვთ საშუალება, ჩვენ გვესმის ხალხის, მაგრამ დემოგრაფები სხვაგვარად ვუყურებთ ამ პრობლემებს. უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერები არიან - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩვენზე კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. იაპონია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების კუთხით პირველ ადგილზეა, თუ არ ჩავთვლით ახლა უკრაინას, სადაც საომარი მდგომარეობაა და გასაგებია მიზეზი. იაპონია ერის დაბერების და ახალგაზრდების გადინების პრობლემის წინაშე დგას და ეს მაშინ როცა უმაღლეს დონეზე განვითარებული ქვეყანაა.დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე და ოჯახურ კულტურაზე უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ჩვენთან ახალგაზრდები გვიან შედიან ქორწინებაში ისე, როგორც დასავლეთსა და ევროპაში და ის, ვინც შედის ქორწინებაში სამწუხაროდ, არ უფრთხილდება ოჯახურ ღირებულებებს.დემოგრაფიული უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი შობადობაა, რომელიც სამწუხაროდ, არ გვაქვს მაღალი და გარდაცვალება ჭარბობს შობადობას. შობადობა თუ არ გავზარდეთ, სახელმწიფოს მოსახლეობა გააგრძელებს კლებას. გაერომ პირდაპირ გვითხრა, რომ ქვეყანაში მოსახლეობა იკლებს ქართული ეთნოსის ხარჯზე. თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ბოლო სიახლეები