ევროპის ერები ამერიკის უძველესი მოკავშირეები არიან. შეერთებული შტატები დასავლეთ ევროპული ოჯახიდან დაიბადა და, უბრალო გეოპოლიტიკის მიღმა, ჩვენ ევროპასთან დაკავშირებული ვართ საერთო ტრადიციებით, კულტურული მემკვიდრეობით, პოლიტიკური ღირებულებებითა და ოჯახური კავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმის დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღევანდელი გამოწვევების წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად, შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს ევროპელ პარტნიორებს, ხელახლა ჩაერთონ ახალ ამერიკულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსში.
დოკუმენტის მიხედვით, ცივი ომის შემდეგ, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე.
„დროთა განმავლობაში, ევროპის გაერთიანებამ, რომელიც ცივი ომის შემდგომი ნეოლიბერალური მომენტის დოგმებით იყო დაინფიცირებული, გამოიწვია უფრო სუსტი და ღარიბი კონტინენტი, რომელსაც ნაკლებად შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, მით უმეტეს, ამერიკული ინტერესების მხარდასაჭერად გაერთიანება. აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და საკუთარ თავს სამხედროების ატროფიის საშუალება მისცეს. ევროკავშირის უპასუხისმგებლო ზეეროვნული მარეგულირებელი ბიუროკრატიისადმი დამორჩილებით, კონტინენტი დეინდუსტრიალიზებული გახდა, ვერ შეძლო ინოვაციების განხორციელება და ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდა.
ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე. ევროკავშირის პრინციპები ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით იარაღად იქცა, რათა ევროპა არაასიმილირებული უცხოელი მიგრანტების ტალღებით დატბორილიყო, რამაც გააქარწყლა კულტურის, საზოგადოებისა და ისტორიის კავშირები, რომლებიც ისტორიულ პოლიტიკურ წყობილებას უნარჩუნებდა. ამასობაში, ელიტამ დაიწყო გლობალიზმისა და პანჰუმანიზმის სულ უფრო რადიკალური კონცეფციების მხარდაჭერა, რამაც ისინი მიიყვანა დასავლური ცივილიზაციის ძირითადი პრინციპების, როგორიცაა დასავლური რწმენა და ღირებულებები, ეროვნული სუვერენიტეტი, თავისუფალი გამოხატვა, თავისუფალი ბაზარი და სახელმწიფოებრივი წყობილების რწმენა, უარყოფასა და ძირის გამოთხრამდე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის დასუსტება აშშ-ის ინტერესებში არ შედის.
სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ, საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და ეკონომიკური განვითარება შეძლონ.
„დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპა კვლავ სერიოზული უსაფრთხოების საფრთხეების წინაშე დგას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელახლა მილიტარიზაცია უნდა განახორციელოს. ანალოგიურად, ჩინეთის ეკონომიკურმა იძულებამ აჩვენა, რომ ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა განახორციელონ რეინდუსტრიალიზაცია და დერეგულაცია, რათა უზრუნველყონ თავიანთი ეკონომიკური მომავალი. და ბოლოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის კრახმა გამოავლინა, რომ მათ უნდა მიატოვონ მასობრივი მიგრაციის კატასტროფული ექსპერიმენტი. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დაიბრუნონ ძალა, რათა დარჩნენ შეერთებული შტატების სასარგებლო პარტნიორები. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ევროპული ერები, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით ქმედითუნარიანები, ეკონომიკურად სამართლიანები და კულტურულად ჰარმონიულები არიან. თვითკმარი და თავდაჯერებული სახელმწიფოების ეს ახალი ჯგუფი დაიცავს როგორც გაუცხოებისგან, ასევე დაცემისგან, აღადგენს განახლებულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსს, რომელიც შეესაბამება დღევანდელ გამოწვევებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

