აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას განსაზღვრავს იმის შესახებ, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.
სტრატეგიული გეგმის შესავალში ნათქვამია, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი შეერთებული შტატებისა და მსოფლიოში აშშ-ის ადგილის, როლისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება.
სტრატეგიული გეგმის პირველ მიზნად აშშ-ის ეროვნული სუვერენიტეტია დასახელებული. დოკუმენტის მიხედვით, ღია საზღვრებისა და გლობალური ინტეგრაციის გეგმამ არ გაამართლა.
„აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ამოცანაა, უზრუნველყოს ჩვენი ერის, როგორც თვითმმართველი რესპუბლიკის, უწყვეტი გადარჩენა, რომელიც იცავს ამერიკელების უსაფრთხოებასა და ინტერესებს. დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელები ვარაუდობდნენ, რომ ღია საზღვრები, გლობალური ინტეგრაცია, მრავალმხრივი ინსტიტუტებისა და შეთანხმებებისადმი პატივისცემა მოიტანდა შედეგებს, რომლებიც კარგი იქნებოდა მსოფლიოსთვის და, შესაბამისად, კარგი იქნებოდა ამერიკისთვის. ეს ექსპერიმენტი ჩაიშალა. ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისა და ინტერესების ხელახალი პრიორიტეტიზაცია ნიშნავს ჩვენი ვარაუდების გადაფასებას მიგრაციის, გლობალური ჩართულობისა და მრავალმხრივობის მიმართ“, – ნათქვამია სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებზეც. დოკუმენტის მიხედვით, ისინი თავიანთ ნამდვილ მიზანს ჩამოშორდნენ.
„საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს. ისინი შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ, წინ წაწიონ ისეთი დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია. ამერიკის ლიდერების თაობები დარწმუნებული იყვნენ, რომ გლობალური ჩართულობა თავისთავად კარგი იყო და მისი მეშვეობით კავშირი მოიტანდა გლობალურ მშვიდობას, გააუქმებდა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობას. ეს ოცნება არ ახდა და არც ახდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ფუჭად ხარჯავდა ჩვენს გავლენას ამ მცდარი იდეების წინ წამოწევით, ამასობაში ჩვენ გვაჯობეს დიდ სახელმწიფოებს შორის რეალურ კონკურენციაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან და ძირს უთხრიან მის სუვერენიტეტს.
დოკუმენტის თანახმად, „ამის ნაცვლად, დეპარტამენტი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკული გავლენის გაზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზე იმ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე“.
„დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს ან მხარს დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს, ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. აღარ დავემორჩილებით მათ მიერ არჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების, მაგალითად, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ამის ნაცვლად, ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდაზე და იმ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით სტანდარტების დამდგენი ორგანოების, ხოლო რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოთხრისთვის ან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული დაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდნენ თავდაპირველ მიზნებს, ანუ შექმნან კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურებიან ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

