ჩვენ შევდივართ აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობის, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მეორე ვადის დროს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუბიომ ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისი წარმატების ერთგულია.
„თქვენ ოქროს ხანაზე ისაუბრეთ, გაზვიადება არ არის, რომ შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა დღეს ისეთივე მჭიდროა, რამდენადაც წარმოდგენა შემიძლია. ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის. ვფიქრობ, ამის დასტურია დღეს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ეფუძნება ნოემბერში, თეთრ სახლში თქვენსა და პრეზიდენტს შორის ისტორიულ შეხვედრას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება, ვიმედოვნებთ, ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც მომავალ წლებში სხვადასხვა სფეროს მოიცავს. თქვენ ისაუბრეთ 17 ინვესტიციაზე. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უნგრეთი იზოლირებულია, ეს მაგალითია, რომ ასე არ არის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, იზრდება ამერიკული კომპანიების რიცხვი, რასაც მოწმობს უკვე ჩამოსული 17 კომპანია, რომლებსაც სურთ თქვენს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება. სურთ, აქ მიმდინარე მოვლენების ნაწილი იყვნენ და აღფრთოვანებული არიან ამით, რადგან თქვენ ძლიერი ხელმძღვანელობა გყავთ. ჩვენ შევდივართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობის, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე საიდუმლოა და აქ არც არავისთვის უნდა იყოს საიდუმლო, როგორ ურთიერთობდა თქვენთან პრეზიდენტი თავისი პირველი ვადის დროს და ახლა, მეორე ვადის დროს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.
შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ღრმად არის თქვენი წარმატების ერთგული, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ, ცენტრალურ ევროპაში თქვენი მეშვეობით გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში. ფინანსურ სირთულეებს თუ წააწყდებით, თუ წააწყდებით ისეთ რამეებს, რაც ზრდას ხელს უშლის, რაც თქვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდება თქვენი ურთიერთობისა და ჩვენთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობის გამო“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ გასულ წელს, აშშ-ის მიერ უნგრეთის რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენების გამო აშშ-ის სანქციებისგან ერთწლიანი გათავისუფლება, ტრამპსა და ორბანს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამსახურება იყო.
„ეს იყო ამ პირადი ურთიერთობის გამო, რადგან ჩვენ გვინდა, ეკონომიკა აყვავდეს, ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა კარგად იყოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი და ამ ქვეყნის ლიდერი“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს ტრამპის უნგრეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ, რაზეც რუბიომ უპასუხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „სიამოვნებით“ ჩავა ბუდაპეშტში, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი პოტენციური ვიზიტის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.
ამასთან, მარკო რუბიოსა და ვიქტორ ორბანის ერთობლივ პრესკონფერენციამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

