აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს.
„კონგრესმენი ჰამადე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტების წევრია. კონგრესში არჩევამდე იგი არიზონას შტატში პროკურორის თანამდებობას იკავებდა; კონგრესმენი ჰამადე ასევე არის კონტრ-ტერორიზმის უსაფრთხოების ოფიცერი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონისა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. ამავდროულად, ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, პოტენციალსა და როლს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. აღინიშნა საერთო ინტერესებზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

