სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა.
„აფხაზეთი საქართველოა! გვინდა, გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის ანტიეროვნულ, ანტიქართულ გადაწყვეტილებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ გივი მიქანაძემ გაახმოვანა. ამ გადაწყვეტილებით იწყება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი, რეალურად, ლიკვიდაცია ჰქვია, რასაც გვთავაზობენ. არადა, ირაკლი კობახიძემ დადო საჯარო დაპირება, როცა პარლამენტში იყო მოსული და ჩვენს კითხვას უპასუხა, თუ რას უპირებდა ომგადატანილ, დევნილ უნივერსიტეტს. კობახიძემ თქვა, რომ შეინარჩუნებდნენ. აქვე, ყოველ ჯერზე ახსენებდნენ ისტორიული გამოცდილებით არსებულ პროფილს, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ამჯერადაც მოიტყუა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების კერა. ჩვენ გვყავს აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში, მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა ბევრად მეტია. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის იყო განათლების უფლებისთვის ბრძოლასთან გათანაბრებული! სოხუმში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას სამშობლოს მოყვარული ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. უკვე ომგადატანილმა დევნილებმა წვალებით 1993 წლის ნოემბერში აღადგინეს თბილისში და დღემდე მოიტანეს. 500-მდე პროფესორ-მასწავლებელი და 3 ათასამდე სტუდენტი ჰყავს დღეს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს არის მეხსიერების ადგილი, იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ადგილი, სიმბოლო ჩვენი ერთიანობის აფხაზეთთან. ეს არის ადგილი, რომელმაც გადაარჩინა ბევრი დევნილი იმ საშინელ წლებში. გადარჩენა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა არ არის. ეს არის სილის გაწვნა თითოეული დევნილისთვის. დევნილისთვის, რომელიც ყოველ დღე ცხოვრობს იმედით, რომ სახლში, აფხაზეთში დაბრუნდება. რას სთვაზობენ დევნილებს, მიზერულ დახმარებას და წლობით რიგში დგომას ბინებისთვის და ამ პროცესშიც პოლიტიკური კორუფცია გვაქვს. რას ეუბნება ამ გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძე დევნილებს, რომლებიც ოცნებობენ შინ დაბრუნებაზე, რომ იქ ჩაიტანონ ცოდნა და გამოცდილება, წვლილი შეიტანონ სამშობლოს აღორძინებაში. მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც მას აქვს დღეს. კიდევ ერთხელ, აფხაზეთი საქართველოა! როგორც ჩანს, ხშირად უნდა შევახსენოთ ძალაუფლების მიმტაცებლებს. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, დავიბრუნებთ აფხაზებს და ერთად ავაშენებთ ერთიან და განვითარებულ საქართველოს! და საქართველო იმარჯვებს! აფხაზეთი საქართველოა“, – განაცხადა ხორგუანმა.

