ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს ხორციელდებოდა ნეგატიური პროცესი, ალბათ დიდი დრო დასჭირდება, რომ ეს გაიწმინდოს, ისე აღდგეს ურთიერთობები, როგორც ჩვენს ორ ქვეყანას შეეფერება

აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ღია ვართ, გულწრფელები ვართ, რასაც მანამდე ვიძახდით, ახლაც იმავეს ვიმეორებთ. ჩვენი ქვეყანა ამითაც ვართ გამორჩეული, რომ არ ვართ სხვისი პოზიციების და სხვისი მოლოდინის რეჟიმში, ვინ რას იზამს და ამის მიხედვით ვიყოთ მოტივირებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი გამოწვევები, ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, რაზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ამას აფასებენ სწორედაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლას ცდილობდა.

„ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს ურთიერთობები სწორედ ამ დიდი ნეგატივის გამო იყო აბსოლუტურად შეცვლილი და დაზიანებული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც გვქონდა დამოკიდებულება და ვგრძნობდით კიდეც, რომ ეს არ არის ის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილის მსურველია. ვსაუბრობ წინა ადმინისტრაციაზე, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში, ასე უხეშად ცდილობდა აქ პოლიტიკური ამინდის შეცვლას. ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალმა ადმინისტრაციამ გააუქმა – USAID და NED, რომლებიც პირდაპირ ავნებდნენ, სოროსის ფონდი, რომლისთვისაც პირდაპირ ბრძოლა აქვს გამოცხადებული აშშ-ს პრეზიდენტს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პირდაპირ მტრობდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას. ამაში ხომ თანხვედრაა, ამას ხომ ვერავინ მოიგონებს. ესენი გადაკეთდნენ ახლა, ეს რადიკალური ფრთა, როგორც აუქნევენ დროშას და ხელს, ისე მოქმედებენ – მაშინ ტრამპი იყო მათი მოწინააღმდეგე და თურმე რუსეთის კაცი, დღეს ტრამპი არის მათი მაშველი და ა.შ. ჩვენ ხომ ასე არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იმ ნეგატივის გაანალიზებას და გაწმენდას, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ დატოვა, დრო სჭირდება, რათა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები.

„მთავარია, გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ, უბრალოდ, როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით ამ საპასუხო რეჟიმში, რაღაცა გვითხრეს და რატომ არ ვაკეთებთ და ა.შ. და ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი, ეს პირიქით იყო, მათ დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა მთელ ამ ნეგატივს, რომ ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ეს პასუხია, რომ მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის დროს, თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ალბათ დეტალებში ჩასვლას, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ორ ქვეყანას, ისე აღდგეს, დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები. დანარჩენი ამის შემდეგია, ვთქვათ, სად შეიძლება თანხვედრა, სად შეიძლება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინება და ა.შ. ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ ღია, საკმაოდ მყარად ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტერ მადიარი – ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას

ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.პეტერ მადიარმა მის წინამორბედს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.„ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა.მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, „დრუჟბა“ მუშაობას თუ განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს მოხსნის“, – განაცხადა მადიარმა.ცნობისთვის, ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თებერვლის შუა რიცხვებში სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ ეხება. სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით მიეწოდება უნგრეთს რუსეთიდან დაბალ ფასად ნავთობი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე ხელმისაწვდომი იქნება

ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.ევროკავშირი შექმნის ევროპულ კოორდინაციის მექანიზმს, რათა ასაკის დადასტურება უზრუნველყოფილი იყოს შესაბამის ეროვნულ სქემებში.„პირველ რიგში, ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია. თქვენ ატვირთავთ აპლიკაციას, აყენებთ მას თქვენი პასპორტით ან პირადობის მოწმობით. შემდეგ თქვენ ადასტურებთ თქვენს ასაკს ონლაინ სერვისებზე წვდომისას. მეორეც, ის პატივს სცემს მსოფლიოში უმაღლეს კონფიდენციალურობის სტანდარტებს. მომხმარებლები დაამტკიცებენ თავიანთ ასაკს სხვა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ის სრულიად ანონიმურია. მომხმარებლების თვალყურის დევნება შეუძლებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს ბავშვების დასაცავად ძლიერ ინსტრუმენტს აძლევს.„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენი შვილების უფლებებს. ევროპის კავშირში ბავშვთა უფლებები კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ასე იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას, წლებია, ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, გაშავების რა კამპანია ჰქონდათ პირდაპირ, პერსონალურად პატრიარქის, მოსაყდრის, ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.„ვიცით, როგორი არის მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა. ამის ყველაზე დიდი დასტურია ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, რაც ხდება დღეს მათ სხვადასხვა ტელევიზიაში. ამიტომ ასეთი საუბარი მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა – ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას. ამას თუ აპირებენ, არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

გიორგი ვაშაძე – მსოფლიოში ყველა მაგალითი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ უკეთესი გავაკეთოთ, საქართველოში იქნება ქართული მიდგომები, რომელსაც მე ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას

ყველასთვის მაქვს შეთავაზება, რასაც ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას, ანუ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მაგალითებს ვნახულობთ და ვაკეთებთ იმაზე უკეთესს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს.„ჩვენ გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მიდგომები, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონიათ. ეს იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს. მოვა დრო, ამ რეჟიმს ისევე ჩავაბარებთ წარსულს, როგორც ორბანი ჩაბარდა წარსულს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა მაგალითი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ უკეთესი გავაკეთოთ, რადგან განსხვავებული გარემო გვაქვს და ამას ე.წ. იუსტიციის სახლის მიდგომით აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიგა ბოკერია – არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება

უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებითი განსხვავებებია, მაგრამ ნებისმიერი წარმატებული კამპანია, ისეთი, როგორიც უნგრეთში ოპოზიციას ჰქონდა და გამარჯვება, რა თქმა უნდა, მაგალითია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.გიგა ბოკერია აცხადებს, რომ იზიარებს იმ გზას, რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა.„ალიანსის ხედვაში, რომელიც წარმოვადგინეთ, არის მიქალაქეების იმ ხარისხის უმრავლესობის პოზიციის ჩამოყალიბება, ცვლილებების აქტიური მხარდაჭერის, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი, არა თუ ისეთი, რომელიც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო, არამედ აშკარა დიქტატორული კონტურების მქონე ივანიშვილის რეჟიმიც ვერ გაუძლებდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.კითხვაზე, როგორც მოხერხდება არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლა, როგორც ამას თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება.„ყველაზე რელევანტური მაგალითი ჩვენივე ისტორიიდან არის საბჭოთა კომუნისტიური რეჟიმის დამარცხება, რომელიც არჩევნებით გაფორმდა, რომელშიც ეროვნულმა მოძრაობამ „მრგვალი მაგიდის“ ლიდერობით გაიმარჯვა, მაგრამ გარდატეხა მოხდა იქამდე და იმ ხარისხის გარდატეხა იყო, როცა საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს ვითარების კონტროლი აღარ შეეძლო. ამას უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს“.

ბოლო სიახლეები