საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად.
მისი თქმით, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.
„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

