ორშაბათი, ივლისი 27, 2026

მოლაპარაკება თუ იძულება – ისტორიული პარალელებით რატომ ეწინააღმდეგება ზოგიერთი სახელმწიფო მოლაპარაკებას? არსებობს კი რეალური ალტერნატივა დიალოგისთვის? -ირანის ელჩი ირანი აშშ-ის ურთიერთობებზე

,,როცა დრო საბოლოო მსაჯულია: ირანისა და ამერიკის მოლაპარაკებათა საკითხის ანალიზი
ბოლო წლებში, გლობალური მოვლენები და რეგიონული კრიზისები კვლავაც აქცევს „მოლაპარაკებას“ და „დიპლომატიას“ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიებში ერთ-ერთ მთავარ თემად. საუბრებისას, რომლებიც მიმდინარეობს ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკურ ელიტასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან სხვადასხვა ქვეყნებში, ერთი და იგივე კითხვა რამდენჯერმე იბადება: რატომ ეწინააღმდეგება ზოგიერთი სახელმწიფო მოლაპარაკებას? არსებობს კი რეალური ალტერნატივა დიალოგისთვის?
ამ კითხვებზე პასუხი, თუ გავცდებით დღევანდელ პოლიტიკას, ბევრად უფრო შორსაა საძიებელი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარე ურთიერთობებში – ის საძიებელი იქნება ისტორიულ გამოცდილებაში.
დიპლომატიის ისტორია გვიჩვენებს, რომ მთავარი საკითხი ხშირად არა „მოლაპარაკების პრინციპი“, არამედ „მოლაპარაკების მეთოდია“. როცა დიალოგი გარდაიქმნება ერთპიროვნული ნების თავზე მოხვევის საშუალებად, თუნდაც ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს, ჩვეულებრივ არ ქმნის მდგრად ლეგიტიმურობას და არც მხარეებს შორის ნამდვილ ნდობას.
1812 წელს, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი ცდილობდა რუსეთი პოლიტიკურად საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა. რუსეთმა, ნაცვლად თავს მოხვეული პირობების მიღებისა, აირჩია წინააღმდეგობის სტრატეგია, რომელმაც სერიოზული დანახარჯები მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ ნაპოლეონის არმიის მარცხით და მისი იმპერიის დასასრულის დასაწყისით დასრულდა.
კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს ვერსალის ხელშეკრულება (1919), რომელიც I მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად დაიდო, მაგრამ ამ ხელშეკრულების ხასიათისა და გერმანიაზე განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის გამო, ვერ დამყარდა მდგრადი მშვიდობა. პირიქით, ამან მოამზადა საფუძველი შემდგომი არასტაბილურობისა და ექსტრემიზმისთვის.
ვიეტნამის ომმა აჩვენა, რომ თუნდაც ბირთვული იარაღის მქონე გლობალური სუპერ-სახელმწიფო, თუ მორალურ და კულტურულ რეალობას უგულებელყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეძლებს საკუთარი ნების განმტკიცებას. 1975 წელს საიგონის დაცემა გახდა სიმბოლო თავს მოხვეული ძალის შეზღუდვისა ეროვნული წინააღმდეგობის მიერ. 2020 წლის ავღანეთის გამოცდილებით იგივე გაკვეთილი აშშ-სა და ნატოსთვის კიდევ ერთხელ განმეორდა.
ქართველი ხალხისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითები ქვეყნის ისტორიიდან ჩანს.
დავით IV შიდა რეფორმებითა და წინააღმდეგობით შეძლო 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში სელჯუკების განადგურება და დასაბამი დაუდო საქართველოს ოქროს ხანას.
კიდევ ერთი მაგალითია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც დაიდო ისეთ პირობებში, როცა ქართლ-კახეთის სამეფო სუსტ პოზიციაში იყო. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხის ისტორიაში წარუშლელად დარჩა ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობის იდეის შენარჩუნება.
2025 წლის ზაფხულში, სამხედრო მოქმედებებისას ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის საჰაერო სივრცე გამოიყენეს. ირანმა 12-დღიანი წინააღმდეგობის სტრატეგიით შეძლო მოულოდნელობის ეფექტის გაქარწყლება, ინიციატივის შენარჩუნება და საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თავს მოახვია აგრესორ ძალებს.
ამ გამოცდილების მნიშვნელობა არ ეხება მხოლოდ სამხედრო ასპექტს, არამედ პოლიტიკურ გზავნილს: წინააღმდეგობას შეუძლია იძულების გზა რეალურ მოლაპარაკებათა გზად აქციოს.
ისტორია უცვლელად არ მეორდება, თუმცა მისი გაკვეთილების უგულებელყოფა დიდ ძალებს კიდევ ერთხელ აყენებს შეცდომების გამეორების შესაძლებლობის წინაშე.
მსოფლიოში, სადაც კვლავ ვაწყდებით გლობალურ კრიზისებს, დიპლომატიის უმთავრესი რესურსს შესაძლოა არა სამხედრო ძალა, არამედ ისტორიული მეხსიერება და ხალხთა გამოცდილების ღრმად გააზრება წარმოადგენდეს-”–ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-11 კორპუსის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-11 კორპუსის ტერიტორიაზე, დავით გურამიშვილის გამზირის №17-ში, სადაც განთავსებულია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი, სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ორი, განცალკევებით მდგომი ახალაშენებული ლაბორატორიის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პროექტის ფარგლებში 850 კვ/მ ფართობის ასფალტის საფარი დაიგო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყო გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და თანამშრომლებისთვის.სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ნუგზარ ბაღათურიას განცხადებით, სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სწორედ თბილისის მერიის, პირადად კახა კალაძის, მხარდაჭერით უნივერსიტეტს დაუბრუნდა წლების განმავლობაში წართმეული საცურაო აუზი, რაც ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია. ამასთანავე, მერია სისტემატურად ახორციელებს სტუდენტებზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტს, რაც ახალგაზრდების განვითარების, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ეს არ არის მხოლოდ გზის მოწყობა, ეს არის სახელმწიფოსა და თბილისის მერიის საგანმანათლებლო პოლიტიკის ნათელი გამოხატულება, რომელიც უმაღლესი განათლების, სამეცნიერო სივრცისა და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას რეალური საქმეებით უჭერს მხარს. მსგავსი პროექტები ქმნის თანამედროვე სასწავლო გარემოს და კიდევ უფრო ზრდის ჩვენი უნივერსიტეტის შესაძლებლობებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი მადლობას უხდის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, პირადად მერს, კახა კალაძეს და ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ირაკლი ანდღულაძეს, უნივერსიტეტის საჭიროებებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“ - აცხადებს ნუგზარ ბაღათურია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ „წუხილს გამოხატავს“ და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.„ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს.ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისში, ვერაზე დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით თბილისში, ვერაზე დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.„ვუსამძიმრებთ ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს, ქალბატონ ეკა ღუნაშვილს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუნდობლად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს.არის ტკივილი, რომლის შემსუბუქება შეუძლებელია; არის დანაკლისი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ანაზღაურებს - მაშინ როცა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დაუნდობლად წყდება, როცა მისთვის მხოლოდ ჩვიდმეტი გაზაფხულია გავლილი და წინ იმედებითა და შესაძლებლობებით აღსავსე მთელი ცხოვრებაა.სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, რომლის დაცვაც საზოგადოების თითოეული წევრის უპირობო ვალდებულებაა. მისი ხელყოფა ყველაზე მძიმე დანაშაულია, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანის გულსა და ცნობიერებაში. ასეთ დროს გლოვობს არა მხოლოდ ოჯახი - გლოვობს მთელი ქვეყანა, რადგან თითოეული ახალგაზრდა სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მომავალია, ჩვენი საერთო იმედი და პასუხისმგებლობაა. ყოველი მსგავსი ტრაგედია ძალუმად შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალადობასა და სიცოცხლის ხელყოფას უპირობოდ მოჰყვეს დამნაშავეების მთელი სიმკაცრით დასჯა - სწორედ ამ განცდის ურყევობა ქმნის უსაფრთხო გარემოს ჩვენი შვილებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იზიარებს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის უსაზღვრო ტკივილს. ამ უმძიმეს წუთებში მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით, ვლოცულობთ ნიკოლოზის ნათელი სულისთვის და მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ვუსურვებთ სიმტკიცესა და გამძლეობას ამ ენით აღუწერელი განსაცდელის გადასატანად.

„დედაზე იძალადა, მეუღლეს კი დანით დაზიანებები მიაყენა…“ – ბრალდებული დაკავებულია

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებით დადგინდა, რომ 22 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,), 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მძიმე ტექნიკის დახმარებით განახლდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.როგორც ქიმაძემ აღნიშნა, აუცილებელია შემთხვევის ადგილზე ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და მშენებლების ჩასვლა, რათა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენცია მომავალში.ამასთან, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს.უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან ერთად, გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მერიის, საკრებულოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლები.ცნობისთვის, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაში. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოყაში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრასტრუქტურა.

ბოლო სიახლეები