უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„უსაფრთხოების გარანტიებზე ბევრი საუბარია. ეს არის ის, რაზეც ამჟამად, უკრაინის შემთხვევაში, გვაქვს ზოგადი შეთანხმება. თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად გულისხმობს მცირე რაოდენობით ევროპული ჯარისკაცების, ძირითადად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილ დამცავ მექანიზმს. სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმია. მე არ ვამცირებ იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზადაა ომის შემდგომ ჯარები განათავსოს უკრაინაში. რასაც მე აღვნიშნავ, არის ის, რომ ეს აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმის გარეშე უმნიშვნელოა. და მიზეზი, რის გამოც გჭირდებათ ასეთი ძლიერი აშშ-ის დამცავი მექანიზმი, არის ის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებში. ახლა, იმედია, ეს შეიცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ეს უკვე შეიცვალა. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითუნარიანები იქნებიან“,- განაცხადა რუბიომ.
რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი მთავარი საკითხი ტერიტორიას ეხება.
„ვიცი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმის დასანახად, შეიძლება თუ არა ორივე მხარის პოზიციების შეთანხმება ამ საკითხზე. ეს არის ხიდი, რომელიც ჯერ ვერ გადავკვეთეთ. ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული, მაგრამ სულ მცირე, შევძელით საკითხების დაყვანა ერთ ცენტრალურ საკითხამდე და ეს, ალბათ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის საკითხი, რომელზე მუშაობაც გრძელდება”,- განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური სირთულე უკრაინისთვის არის, რომ საერთოდ განიხილოს ტერიტორიის გაცვლის იდეა.
„რუსეთის შემთხვევაში, ისინი ორწელიწად-ნახევარია, ეუბნებიან თავიანთ ხალხს, რომ ამ ომს დამაჯერებლად იგებენ. ასე რომ, ხალხი დაინტერესდება, რატომ ვთმობთ ტერიტორიას, თუ ასე ძლიერად ვიმარჯვებთ?”, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან კავშირზეა „ალბათ, დღეში 10-ჯერ”. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეთანხმებულია აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

