“დღეს ჩვენი ბაგრატის დაბადების დღეა და 5 წელი შეუსრულდა. უფლის წყალობა ჰქონოდეს ყოველთვის და აღიზარდოს ნამდვილ ქართველ ვაჟკაც პიროვნებად. გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს”, – წერს სოციალურ ქსელში ქრისტინე ბაგრატიონი და შვილის ფოტოებს გვიზიარებს.
ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია.
პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.
მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.
წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში “დიორის” პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ “ერისიონის ” მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს “ვიცე მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.
“პარიზში ჩემი ოცნებები ახდა, რადგან “კრისტიან დიორთან” ორჯერ ვიმუშავე: პირველად “პარფიუმ-მაკიაჟი” წარვადგინე. მაშინ ჩვენებაში 20 გოგო ვმონაწილეობდით, მეორედ კი მხოლოდ ორნი შეგვარჩიეს. როცა “დიორთან” მეორედ მუშაობის შანსს გაძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ “დიორის სახლის” მოდელი ხდები. “ელისააბთანაც” ვმუშაობდი. პროფესიონალებთან ურთიერთობა სრული ჰარმონიაა”.

