ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

ირაკლი კობახიძე – ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს

დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრიც უფრო მართებულად მიაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძის თქმით, სწორედ ამგვარი საყრდენით შეიქმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს, ხალხის მმართველობის საფუძვლები.

„დებატებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, დაწყებული სახალხო შეკრებებზე გამართული „საკამათო მოედნებით“ დასრულებული სატელევიზიო დებატებით, მისი მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო – მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს მდგომი პოზიცია.

რადგან დებატების კულტურა სწორედ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, დემოკრატიის ეს უალტერნატივო საყრდენი ყველაზე მეტად, თანაც უმაღლეს დონეზე, სწორედ ევროპის კონტინენტზე, ევროპულ ქვეყნებში იყო განვითარებული. დებატები იმართებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა თემაზე, იქნებოდა ეს პოლიტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი თუ სხვა. ამ ფორმით, მოსახლეობა მაქსიმალურად იყო ინფორმირებული ნებისმიერ გამოწვევასა თუ მიღწევაზე, რაც საბოლოოდ ხალხს სწორი არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევდა.

სამწუხაროდ, ევროპის კონტინეტზე 2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება. მას შემდეგ, რაც დაიწყო ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრამატული შესუსტებისა და ევროპული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი, მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, არაფორმალურმა მმართველებმა თავად წარმოქმნეს ხელოვნური პრობლემები, როგორიცაა ლგბტ და გენდერული იდენტობის საკითხები, „მწვანე პოლიტიკა“ და სხვა, და თავადვე შესთავაზეს საზოგადოებას ამ ხელოვნური პრობლემების გადაჭრის გზები. ამ პროცესში მათ ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება მოგონილ, აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა.

არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ე.წ. რბილ მეთოდს, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამიტომ, ამ „პრობლემის“ მოგვარებაზე საკმაოდ დიდი დრო, რესურსი და ენერგია დაიხარჯა. განსაკუთრებით 2020 წლიდან, წამყვან ევროპულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა ცნობილი, რეიტინგული და პოპულარული დებატები, შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა დისკუსიისა და განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა“, – წერს კობახიძე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.

„სამწუხაროდ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა. ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა. როდესაც მისი პატრონები მიხვდნენ, რომ კამათის დროს საზოგადოებას მარტივად შეეძლო ტყუილისგან სიმართლის გარჩევა, მათ მედიაში იქამდე ამ სფეროსთვის სრულიად უცხო სხეული, გვარამია შეიყვანეს და კონკრეტული დავალებაც მისცეს – მოეხდინა სრული რადიკალიზაცია.

გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა – მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება. თავის მხრივ, ამ მოცემულობამ საზოგადოება გახლიჩა და წაართვა მას დემოკრატიის მთავარი პრინციპით სარგებლობის უფლება – მოისმინოს განსხვავებული პოზიციები და არჩევანი საკუთარი შეხედულების შესაბამისად გააკეთოს. დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს.

და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისთვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, სადაც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ შესახებ პანელურ დისკუსიაში და ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ბიბისი“ – ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ზაჰრას რაიონში მათი ავტომობილი დაბომბეს.„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სამი ფოტოჟურნალისტი ღაზის სექტორში ეგვიპტური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის მუშაობდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს იღებდა.”ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „რამდენიმე ეჭვმიტანილზე, რომლებიც „ჰამასთან“ დაკავშირებულ დრონს იყენებდნენ იმგვარად, რაც საფრთხეს უქმნიდა ჯარისკაცებს“.ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.„ჰამასისი“ მიერ კონტოლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში სულ მცირე 466 პალესტინელი დაიღუპა.ისრაელის სამხედროების განცხადებით, იმავე პერიოდში პალესტინელი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების შედეგად სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი – ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება

ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.მისი თქმით, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება.„ნათლად განვაცხადე, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს და ეს სრული ვალდებულება იქნება. შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავალთ და ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებული, სათანადოდ მართული და ლამაზად აღდგენილი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც თავდაპირველად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებაზე იყო ორიენტირებული, უფრო ფართო როლის შესრულება შეუძლია.მისივე თქმით, გაერო-სთანაც ითანამშრომლებს.„ეს შესანიშნავი გეგმა იქნება. ვფიქრობ, ღაზასთან წარმატების მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, სხვა საკითხებზეც გადავინაცვლოთ. ღაზაში ძალიან წარმატებული ვიქნებით. ეს შესანიშნავი სანახავი იქნება, შემდეგ კი სხვა რაღაცების გაკეთებას შევძლებთ. ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია. როგორც კი ეს საბჭო სრულად ჩამოყალიბდება, თითქმის ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ და ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთებთ, გესმით? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რვა ომი დაასრულა.„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არასდროს მისაუბრია იმ რვა ომის შესახებ, რომლებიც დავასრულე. თქვენ იფიქრებთ, რომ მათ შეეძლოთ ამ რვა ომის დასრულება, მაგრამ ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ, ზოგიერთის დასრულება სცადეს, თუმცა საკმარისად არ ეცადნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

პაატა მანჯგალაძე – 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს

100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია არმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.მანჯგალაძის თქმით, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.„არ არსებობს ჩემი მიმალვის საფრთხე, ჩემით ჩავედი და ჩავბარდი პოლიციელებს. 1 000-ზე მეტი განცხადებაა ჩემი, რომლის უმეტესობა ნეგატიური ხასიათისაა. ეს არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემ წინააღმდეგ. 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, რომ შემეძლოს, ერთი დაძახებით 100 000 კაცი გამომეყვანა ქუჩაში. მე ვიყავი ამ აქციაზე, მანამდე დავდიოდი სხვა აქციებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქმეში არსებული ფოტოს საფუძველზე თქმა, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორია, არ შეიძლება.„იმ წუთას მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ოფისის წინ მედიასაშუალებებს ჩავწეროდი. გადავიღე ფოტო ამ ადამიანებთან. ეს იყო მხოლოდ პერფორმანსი. ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამის გასაღება ორგანიზატორად არ შეიძლება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც პაატა ბურჭულაძემ აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებად დაასახელა ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

ჟან-კლოდ იუნკერი – ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის

ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას“.ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში“.„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან“, – განაცხადა იუნკერმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით“.„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები“, – განაცხადა იუნკერმა.

ბოლო სიახლეები