ორშაბათი, იანვარი 12, 2026

მეუფე შიო (მუჯირი) – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა

წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 31-ე, ქრისტესშობის შემდგომ კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, ღვთის მცნებებით ცხოვრების შემთხვევაში, წმინდა ანგელოზები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობის შემდგომ კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა იოსებ მართალს, დამწინდველს, ასევე – წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ძმად წოდებულს, როგორც უფალ იესო ქრისტეს ყველაზე ახლობელ ადამიანებს.

მათთან ერთად იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომელიც გარდა იმისა, რომ მაცხოვრის წინაპარი იყო, სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით მეტს წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის შესახებ. ასევე, ძველი აღთქმის სხვა მოღვაწეებზე მეტად მიუახლოვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ აღთქმისეულ სულიერ განწყობას. ეს გამოვლინდა მის განსაკუთრებულ სიმდაბლეში, სინანულსა და სხვა თვისებებში.

დღეს არის ასევე 14 000 ბეთლემელი ჩვილის ხსენება, შეგვეწიოს მათი მადლი.

ამ ხსენებული წმინდანების ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ მათ განსაკუთრებული სახით ეძლეოდათ ღვთის შეწევნა. დღევანდელი სახარებაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ განსაკუთრებული სახით მიეცეს, მოევლინოს ღვთის შეწევნა.

მართალ იოსებს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ ახალშობილი, ჩვილი იესო და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი წაეყვანა ეგვიპტეში, რაც იოსებმა შეასრულა. შემდეგ, ჰეროდე მეფის გარდაცვალების მერე, ანგელოზი ისევ გამოეცხადა იოსებს და უთხრა, დაბრუნებულიყო სამშობლოში მათთან ერთად. იოსებიც ადგა და დაბრუნდა, მაგრამ წავიდა ნაზარეთში, რათა აღსრულებულიყო ყველაფერი, რაც წმინდა წერილში წერია უფალ იესო ქრისტეს შესახებ. იქ ნათქვამია ბეთლემზეც, ნათქვამია ეგვიპტეზეც (დღეს იყო სახარებაში ეს მონაკვეთი) და ნაზარეთზეც (მთ. 2, 13-23).

მართალ იოსებს შეეძლო, არ დაეჯერებინა ანგელოზისთვის, მაგრამ მან დაუჯერა, ისევე როგორც დაუჯერეს მწყემსებმა, რომლებიც მივიდნენ იმ გამოქვაბულთან შობის ღამეს, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; როგორც დაუჯერეს მოგვებმა იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელმაც ისინი მიიყვანა იმავე გამოქვაბულთან… მაგრამ წმინდა ანგელოზები მხოლოდ ასეთ გამორჩეულ წმინდანებს როდი ეხმარებიან, არამედ ასევე – ყველას, ვინც ღმერთისკენ, ზეცისკენ მიისწრაფვის. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაგვეხმარონ.

შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: „ამიერიდან დაინახავთ გახსნილ ცას და ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ ძესა ზედა კაცისასა“ (ინ. 1, 51). ეს სიტყვები ყველას განეკუთვნება, ყველასთვის არის ნათქვამი, მაგრამ ამას რომ ვეღირსოთ, საჭიროა, ჩვენც გვჯეროდეს ანგელოზების, დავუჯეროთ მათ, ისევე, როგორც მოგვებმა, მწყემსებმა და მართალმა იოსებმა. ასევე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ. მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა. ისინი გვეხმარებიან, მივიღოთ საღვთო, მაცხონებელი მადლი, ის სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე და აქ დაგვიტოვა.

ისინი გვეწევიან ჩვენ, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას, რაც ვლინდება შემოქმედებით აქტივობაში, რითაც ასე ვემსგავსებით ღმერთს.

ანგელოზები გვეხმარებიან ლოცვაში, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა მაღლა, ღმერთისკენ. გუნდრუკი ხომ არის გულითადი ლოცვის სიმბოლო, რომელიც ასევე მიართვეს მოგვებმა მაცხოვარს.

დაბოლოს, წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია“

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.ბოკუჩავას თქმით, ეს „სუს-ის მორიგი ბოდვაა“.„როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს. მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი. ლევან სანიკიძეზე ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე, მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაა. დარწმუნებული ვარ, მას ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით. „იმედის“ „რუსთავი 2-ის“ „პოსტვისა“ და პროპაგანდისტული ტელევიზიების დღევანდელი აღტყინება ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფის შედეგად გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩემი მხრიდან მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ ნაპრემიერალ პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ. ეს ადასტურებს, რომ არათუ „ტექნიკური“, არამედ ძალიან ღრმა, სერიოზული და მათი დასასრულის მომასწავებელი პრობლემები აქვს რუსულ ოცნებას კორუფციის, ძალადობისა და იმ აღვირახსნილობის გამო, რაც ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში ნახა. ჩემი აზრით, ეს ტყუილი და ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფიც სწორედ ამ მთავარი ამბის გადაფარვის მცდელობაა, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კახა კალაძე: ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის...

ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოსული თანხების გამჭვირვალობა გაკონტროლდება.„მიზანი ხომ ვიცით, რისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები, რომ კონკრეტულ ქვეყნებში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები. მათ შორის, საქართველოში უამრავი თანხა შემოდიოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გახსოვთ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობდით, როგორ გვაკრიტიკებდნენ, თურმე როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ამაზე საუბარი.როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, პირდაპირ ისაუბრა ამ ყველაფერზე, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც იყვნენ NED, USAID, უზარმაზარ თანხებს გამოყოფდნენ და აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. ეს არის რეალობა. ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო – გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა. რა თქმა უნდა, იქნება კონტროლი, არსებობს კანონი, რომელიც მივიღეთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რათა, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, სიმშვიდე და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძე.დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციასთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან შეწყვეტილ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის გადახალისებაა საჭირო.„ვფიქრობ, მთლიანად „რებრენდინგი“ არის გასაკეთებელი და გადახალისებაა საჭირო სხვადასხვა ორგანიზაციის. მაგალითად, ვენეციის კომისია, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად იყო ქცეული, მათი განცხადებები, ქმედებები თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან მძიმე იყო. ამიტომ, არ მიკვირს მათი ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის  საზღვაო ნავსადგურში  შემოვიდა ლიბერიის  დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,NOSTOS“   (რეგისტრაციის ნომრით 9258014), რომელზეც დატვირთული იყო  რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ,  ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი  40 143 ტონა ნედლი ნავთობით.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად,  მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა.

რობერტ ფიცო – ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკავშირს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც გაერთიანებას იდეალურად გამოსდის, რუსების სიძულვილია.როგორც რობერტ ფიცომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირი ახლა განიცდის საშინელ კრიზისს, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს განუცდია.მისი განცხადებით, აღნიშნულ კრიზისში გადარჩენას მხოლოდ „ძლიერები“ შეძლებენ.სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.„ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია. ეს არის თვისება, რომელიც იდეალურად გამოსდით. სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო. კონკურენტუნარიანობა მცირდება. ჩვენ ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას და ვერ ვთანხმდებით ერთობლივ თავდაცვაზე. ყველა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყურება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებით, ევროკავშირის წარმომადგენლები „კიდევ უფრო უმწეოები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ“.ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ „ძლიერი სლოვაკეთი“ ევროკავშირისთვის იბრძოლებს და ქვეყანა ბლოკს არ დატოვებს.ამასთან, ფიცოს თქმით, აშშ-ის მიერ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ მსოფლიო წესრიგი დაანგრია. აღნიშნულის გამო რობერტ ფიცომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.„მსოფლიო წესრიგი უკვე ჩამოინგრა, ეს აშკარაა. ისინი საერთაშორისო სამართლის რაიმე მექანიზმის არსებობას ყურადღებას აღარ აქცევენ. ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებას საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატი სჭირდება. დონალდ ტრამპი ამას პირდაპირ აკეთებს, ამას არ მალავს. ის არ იტყვის, რომ ვენესუელაში მიდის, რადგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების აღდგენა სურს. ის იტყვის: „მე იქ ნავთობისთვის მივდივარ. ჩვენ ამ ნავთობს გავყიდით და ყველაფერი, რასაც ვენესუელელები იყიდიან, შეერთებულ შტატებში უნდა იყიდონ““, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.რობერტ ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელასა და უკრაინაზე „ბევრი საუბარია შესაძლებელი“, მაგრამ მას აინტერესებს, რა რეაგირება ექნება ევროკავშირს ამ ყველაფერზე და რა მოხდება შემდეგ.

ბოლო სიახლეები