“მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესი ადრეული ბავშვობიდანვე მქონდა, ეს აბიტურიენტობის დროს მიღებული გადაწყვეტილება არ იყო”, – ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი კახა კუპატაძე. მისი “არტისტობის” ამბავი კი უცნაურად დაიწყო.
– სკოლა წყალტუბოში დავამთავრე, თეატრში ოტია იოსელიანის ნაწარმოებების (“ურემი გადაბრუნდა” და “სანამ ურემი გადაბრუნდება”) მიხედვით, პიესა იდგმებოდა. რეჟისორი ქუთაისიდან, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრიდან ჰყავდათ მოწვეული. ორი ბიჭი სჭირდებოდათ და სკოლიდან წამიყვანეს. ბატონი ოტია ცოცხალი იყო, რეპეტიციებს ესწრებოდა. ყოველდღე მასთან შეხვედრა ბედნიერება იყო, ყალიონს აბოლებდა. მაშინ ძალიან ცნობილ არტისტების გვერდით ვიდექი.
2001 წელს იმერეთის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, მეათე კლასში ვიყავი, იმერეთის ყველა რაიონში მომიხდა თამაში, სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში შევხვდი გურამ საღარაძეს, ჯემალ ღაღანიძეს, გოჩა კაპანაძეს, კარლო საკანდელიძეს… ეს ლეგენდები პირველად ვნახე.
თეატრალურში რომ ჩავაბარე, მხატვრული კითხვის პედაგოგი ჩემი საყვარელი არტისტი მურმან ჯინორია იყო. დღესაც ვთვლი, რომ ის ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი ვარსკვლავია. თეატრალურს რომ ვამთავრებდით, სტუდენტებს გვითხრა, ჩვენ სცენაზე პარტნიორებიც შეიძლება ვიყოთო. მაშინ დაუჯერებელ ამბად მეჩვენებოდა, სცენაზე ამ ადამიანის გვერდით თუ მომიწევდა დგომა, მაგრამ არ გასულა 2 წელი და ეს ამბავი რეალობად იქცა. შემდეგ კიდევ ბევრ არტისტთან მომიხდა პარტნიორობა, ყოველ ჯერზე უბედნიერესი ვიყავი. ერთხელ მკითხეს, რუსთაველის თეატრი თქვენთვის რა არისო? მაშინ მომეჩვენა, რომ დაუფიქრებლად ვუპასუხე, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ სწორი პასუხი გავეცი. ვთქვი, რუსთაველის თეატრი ჩემთვის საოცარ ადამიანებთან შეხვედრის ადგილია-მეთქი. რუსთაველის თეატრის დასში ისე ჩავირიცხე, იქ არც მეგობარი მყავდა, არც ნათესავი, არც ნაცნობი.
ამ თეატრთან პირველი შეხება ჯერ კიდევ სტუდენტობისას მქონდა, გენიალური გიგა ლორთქიფანიძე “წათეს წითელ წაღებს” დგამდა და ჯგუფიდან 4 ბიჭი შეგვარჩიეს, რომაელ რაინდებს ვთამაშობდით. თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები ისე შეგვხვდნენ, ნერვიულობის უფლებაც არ მოგვცეს, ისე მიგვიღეს სცენაზეც, სუფრაზეც, ცხოვრებაშიც…
რობერტ სტურუასთან შეხვედრა ხომ დიდი დღესასწაული იყო და ჩემს ცხოვრებაში ეს დღესასწაული დღემდე გრძელდება… მან ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ყველა როლზე მასთან რეპეტიცია არის რთული და საპასუხისმგებლო, ისე კარგად გიხსნის, ისეთი მაგალითები მოჰყავს, როგორიც არავის. ეს ადამიანი ძალიან თანამედროვეა, წიგნებში, ფილმებში, ტექნიკაშიც კი ყველაზე ძლიერია…
ზოგიერთი ძალიან მარტივად უყურებს მსახიობის შრომას. გადაღებები, რეპეტიციები იმდენ ენერგიას და დროს მოითხოვს, რამდენი უნდა იშრომო, რომ მაყურებლის წინაშე წარდგე… ეს ურთულესი პროცესია. მქონდა შემთხვევები, ახლობელი ადამიანის დაკრძალვაზე ვერ მივედი, ვიღაცის დაბადების დღე გამოვტოვე…
– სტუდენტობის დროს უფრო გვქონდა რიტუალები, დღეს – ნაკლებად. მსმენია, ბატონ მიშა თუმანიშვილს ჰყვარებია ასეთი რიტუალები და სანახაობრივიც ყოფილა. სცენაზე გასვლის წინ მაქვს დიდი დოზით ნერვიულობა, თუმცა ეს სცენაზე გასვლისთანავე ქრება, მერე სხვა რამ იწყება. იქ დაძაბულობა აღარ არსებობს, იქ სულ სხვა სამყაროა და შენ იმ სამყაროს ნაწილი ხდები.
ბედნიერებაა, როდესაც სპექტაკლის შემდეგ, უცხო ადამიანი გეტყვის თავის აზრს, გაოცებას, კმაყოფილებას გამოხატავს.
მაყურებლამდე სათქმელი სწორად უნდა მიიტანო, არც ზედმეტი მოგივიდეს, არც ნაკლები… ყოფილა სპექტაკლები, მაყურებელი რომ გაუკვირვებია და ისეთი წარმოდგენებიც, უკმაყოფილო რომ დაუტოვებია. აი, გაკვირვებული რომ დარჩეს მაყურებელი, ამისთვის საჭიროა დოზის დაცვა, ამაში კი არასდროს ცდება რობერტ სტურუა, ეს მსოფლიომ აღიარა. ინგლისში უთხრეს, ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი თეატრი აქვს და ვკოცნი იმ თეატრს, სადაც ამგვარი ხელოვნება იბადებაო. “ამგვარი ხელოვნება” რომ დაიბადოს, ამისთვის საჭიროა მსახიობი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყოს – ერთდროულად ტრაგიკულიც და მხიარულიც, ცოტა შერეკილიც… ეს მსახიობისგან უდიდეს ძალას მოითხოვს. ბატონი რობერტი ხანდახან გვეუბნება, – თქვენ უფრო საინტერესოები ხართ ცხოვრებაში, ვიდრე აქ, მე აქაც ისეთივე მრავალფეროვნება მჭირდება, როგორიც ცხოვრებაშიო.
წყარო:kvirispalitra.ge

