საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა საავტომობილო სამყაროს ფლაგმანის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში არსებული სტაბილური, მიმზიდველი ბიზნესგარემოს კიდევ ერთი დასტურია.
„ალბათ 15-20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოში „ფერარის“ ცენტრი გაიხსნებოდა, არავინ დაიჯერებდა, თუმცა დღეს ეს შემდგარი ფაქტია. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს დღე. ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანა ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის შესაფერისი გარემო და ამის გამოხატულებაა დღევანდელი დღეც – ის, რომ „ფერარი“ შემოვიდა საქართველოში. „ფერარი“ არის საავტომობილო ინდუსტრიის ფლაგმანი, ნამდვილი ლიდერი, ეს არის იტალიური ხარისხის ეტალონი. ვამაყობთ, რომ „ფერარი“ დღეს არის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტს რენო დე პოლის და „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელ ალი ნაზარს და მათ წარმატებები უსურვა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ალი ნაზარმა, „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტმა რენო დე პოლიმ და „ფერარი თბილისის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ სახეიშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

