არა მხოლოდ ბორის ჯონსონმა, არამედ თავად ზელენსკიმაც განაცხადა გუშინ, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, რომ ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას.
„უკრაინა ნატო-ში ვერც გაწევრიანდებოდა. ეს არის მთავარი, როდესაც არა მხოლოდ ბორის ჯონსონმა, არამედ თავად ზელენსკიმაც განაცხადა გუშინ, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, რომ ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას. სინამდვილეში ეს ითქვა ბორის ჯონსონის პირით. ომს, რომელსაც უკრაინა ოთხი წელია, აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, ამ ომის ბოლოს, მხოლოდ ბოლოში ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის ნატო-ში მიღებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ყოველ წელს ისმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები.
„ჩვენ გვესმოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, წლიდან წლამდე, ყოველ წელს გვესმოდა ღია კარი და რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გახდება, გახდება, გახდება წევრი. ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. მეორე – ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, ძალიან რომ უყვართ ხოლმე
ევროპიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ და ევროპელებსაც, რომ აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, უკვე სარკმელზეა, შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ.
საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო, არც ერთი ნატო-ელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ასე აშკარად ვხედავთ და ეს არის სწორედ სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რა, სინამდვილეში, ამაში ახალი არაფერი არ არის. ჩვენ, ქართველებს გვშველის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ვინაიდან სინამდვილეში არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო მოწყობილი ყოველთვის სამყაროს პოლიტიკა, უბრალოდ გარკვეული პერიოდი ძალიან კარგად ფუთავდნენ, გვაწვდიდნენ ლამაზად იმ წარმოსახვით რეალობას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა: „მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან პირდაპირ ჰკითხა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენს, შეეძლო თუ არა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ „არა, თქვენ ნატო-ში არ იქნებით“.

