„არანაირი ეჭვი საზოგადოებაში არ არსებობს. ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან და ამ ადამიანებს აჯერებენ, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული საქართველოში, – ამ რწმენით რომ არიან ადამიანები, ტელევიზიებში დადიან და არც ერიდებათ ამაზე საუბარი, რომ თუთიყუში მარჩელოს დონეზეა დაყვანილი ეს ყველაფერი,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
„ეს ხომ აჩვენებს, რა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, იმ ჯგუფზე როცა ვსაუბრობთ, რომელსაც ტვინი აქვს გამორეცხილი და აჯერებენ ყველაფერს, რასაც უნდათ. ეტყვიან, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღია, – დაიჯერებენ, ეტყვიან მეორეს, მესამეს, – ყველაფერს დააჯერებენ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, ჰიბრიდული ოპერაციის ერთ-ერთი ფრაგმენტი და ჰიბრიდული ომის ნაწილი გარკვეულწილად.
ზოგიერთმა ევროპულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, გარკვეულ მოწყვლად ჯგუფებს ადამიანებისა იმდენად გამოურეცხეს ტვინი, რომ ადამიანებს აჯერებენ ყველაფერს. შეგახსენებთ, რომ ომი რომ დაიწყო უკრაინაში, კედლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებზე ელანდებოდათ რაღაც ნიშნები, რომლებიც აღმოჩნდა კატის ნახატები, აღმოჩნდა, რომ კატა იყო გამოსახული და ამბობდნენ, რომ ეს მონიშვნა არისო, უნდა დაბომბოს რუსეთმა და ა.შ. დააჯერეს ამ ადამიანებს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი, დააჯერეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია ჰქონდა და შემდეგ ის, რომ დემენციისგან განიკურნა, – მსოფლიოში პირველად ადამიანი. ამას აკეთებს დღეს ბრიუსელი, ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რასაც ვხედავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტვინის გამორეცხვა ადამიანებისთვის,“ – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

