უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ვინც ჩაირიცხება, არ მოუწევს საფასურის გადახდა, სახელმწიფო მთლიანად აიღებს თავის თავზე შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისით.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში სკოლამდელი განათლება გახდა უფასო, ასევე, ზოგადი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის სრულიად უფასო და ამას ემატება უკვე განათლების მესამე საფეხური – უმაღლესი განათლება, რომელიც ასევე ხდება სრულიად უფასო. მომდევნო წლიდან და იმის შემდეგ წლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად გადავდივართ სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედდება ზუსტად ხუთ წელიწადში. უკვე მომავალი წლიდან ვინც ჩაირიცხება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არ მოუწევს საფასურის გადახდა, სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე აიღებს შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისითაც. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

