გერმანიისთვისაც არ არის მთლად სასიამოვნო და მისაღები კრიტიკა, რომელიც გამოითქმის ელჩი ფიშერის მიმართ, განსაკუთრებით, როცა ცრუობს, რომ, მაგალითად, საქართველოს არ აქვს მონაცემი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და პროცესი შეაჩერა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.
„ხშირად გვავიწყდება, რომ ნებისმიერ ელჩს, პოლიტიკურ ფიგურას აქვს პასუხისმგებლობა კონკრეტული საზოგადოების მიმართ, სადაც იგი მსახურობს, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ, რომელმაც გაგზავნა ელჩი ამა თუ იმ ქვეყანაში. ასე რომ, ფიშერისთვის მნიშვნელოვანია, ასევე პასუხი გასცეს კრიტიკას ოპონენტებისას, რომლებიც საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილი გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ოპოზიციური პარტია. მათ უპასუხა, რომ არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ზოგადად, მსოფლიოში ახალი პოლიტიკური ხედვის ტრენდი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა. არა შიდა საქმეებში ჩარევას – ვინაიდან ამას ჯაჭვური რეაქცია მოყვება და საკმაოდ რთულ ვითარებაში აგდებს საერთოდ მსოფლიო წესრიგს. გერმანიისთვისაც არ არის მთლად სასიამოვნო და მისაღები კრიტიკა, რომელიც გამოითქმის ელჩი ფიშერის მიმართ, განსაკუთრებით, როცა ცრუობს, რომ, მაგალითად, საქართველოს არ აქვს მონაცემი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და პროცესი შეაჩერა. ამ სიცრუეს მოსდევს შესაბამისი პასუხი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ხისტია, ვინაიდან ყველაფერი მოქმედებს იმ პროპაგანდის, ექსტრემიზმის წასახალისებლად, რასაც ვხედავთ. მეტი შიდა პოლიტიკაში ჩარევის მაგალითი არ არსებობს, რაც ჩაიდინა და კიდევ სჩადის ელჩი ფიშერი.
ევროპული პერსპექტივა არის გაზომვადი, აწონვადი და ეს აისახება სტატისტიკაშიც, რომელიც ყოველკვირეულად ქვეყნდება სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის ევროსაბჭოს მიერ. ევროსაბჭო როდესაც ეყრდნობა კომპეტენტური ორგანიზაციების ანალიზს, აქვეყნებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, სად დგას საქართველო რეიტინგებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპული სივრცისათვის, ეკონომიკის თემა იქნება ეს, თუ პოლიტიკური თემა. ამ ყველაფერს ფიშერი ხაზს უსვამს. არა მარტო ფიშერს სურს, გადახაზოს ეს ყველაფერი და საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გატარების თემას დაუბრუნდეს, არამედ ყოველთვის, როდესაც საქართველოს საკითხი იხილება რაიმე დონეზე, ბრიუსელის ადმინისტრაცია, ბიუროკრატია სხვა მეთოდებით და სხვა საზომებით ხელმძღვანელობს. თავად ამზადებენ ექსტრემისტულ ჯგუფებს, თავადვე წერენ სცენარს, მერე თავადვე აფინანსებენ ამ სცენარის რეალიზაციას. ხოლო მათ მიმართ სახელმწიფო კანონის შესაბამისად თუ იმოქმედებს, თავადვე აცხადებენ ამ ადამიანებს პოლიტიკურ პატიმრებად. მათ შექმნეს რეალობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც საქართველოში არსებობს, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგების კუთხით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ელჩის მოვალეობაა, კანონიერი გზით შეაგროვოს ყველანაირი ინფორმაცია ქვეყანასთან დაკავშირებით, რაზეც ვოლსკიმ აღნიშნა:
„შეიძლება, ნებისმიერი თემა საკამათო გახადო და ყველაფერზე თქვა, ინფორმაციას ვაგროვებ, დახურულ შეხვედრებს ვაწყობ, მოაქვთ ინფორმაცია, რასაც ვაგზავნი ბერლინში, ბერლინი შემდეგ გეგმავს გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობების საგზაო რუკას საქართველოსთანო? რეალურად, ჩვენ ყველაფერი შედეგების მიხედვით უნდა ავწონოთ. ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იტყუება, როცა ამბობს, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, ვინაიდან, შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ცეცხლი ქუჩებში, „მოლოტოვის კოქტეილები“ და საკმაოდ სერიოზული დაფინანსება, რომელსაც ბოროტების, დანაშაულების ჩამდენი ადამიანები იღებენ, ზოგი არასამთავრობოების და ზოგი პირდაპირ დაფინანსების მეშვეობით. მაგალითად, საერთაშორისო სასამართლო რომ შედგეს, შეიძლება, მისმა ადვოკატმა თქვას, რომ ვენის კონვენციას იცავს, მაგრამ ბრალმდებელი აუცილებლად იტყვის და წარმოადგენს ფაქტებს, ვიდეორგოლებს, რა მოჰყვება ვენის კონვენციის ე.წ დაცვას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, „ფიშერი ამბობს, განმარტებები მომთხოვესო. ვინ მოსთხოვა განმარტებები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხომ არა და როგორ აპირებთ ფიშერთან ურთიერთობების გაგრძელებას?“
გია ვოლსკის თქმით, ფიშერის მიმართ არის გერმანიის პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფის მოთხოვნა, განმარტებებო გააკეთოს, რას აკეთებს საქართველოში, კონკრეტულად, როგორია მისი ქმედება.
„დაპირისპირებები უცხო არ არის დემოკრატიული სამყაროსთვის, მაგრამ ეს დაპირისპირებები შემდეგ სახელმწიფოს წინაადეგ კონკრეტულ ქმედებებად როცა იქცევა, რასაკვირველია, განმარტებების მოთხოვნა შეუძლია ყველას, მათ შორის თქვენც, საგარეო საქმეთა სამინისტროს. არ ვიცი, კონკრეტულად რას ამბობს, მაგრამ მის მიმართ არის გერმანიის პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფის მოთხოვნა, განმარტებებო გააკეთოს, რას აკეთებს საქართველოში, კონკრეტულად, როგორია მისი ქმედება, მაშინ როდესაც ბრალად ედება გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებისათვის აქტიური მოქმედება, შიდა საქმეებში ჩარევა, ექსტრემიზმის წახალისება სიტყვით და საქმით. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რომელ წყაროს მიუთითებს, მაგრამ განმარტებები მაინტერესებს მეც, თქვენც და ყველას, რას აკეთებს და რატომ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. არ ვერევიო თუ ამბობს, ძალიან კარგია, მისასალმებელია და იმედია, ამ განმარტებას შესაბამისი ქმედებები მოჰყვება“.

