წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრძოლაა დაწყებული. საჯაროდ ეუბნებიან, რომ პრობლემები ექმნება, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს არ თმობს, არ აჰყვა გლობალურ ომის პარტიას, არ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან, უარი არ თქვა ტრადიციებზე და საქართველოში ლგბტ პროპაგანდა არ დაუშვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის.
„ყველაზე სანდო საერთაშორისო საბანკო სისტემა „კრედიტ სუისი“, პრაქტიკულად, ჩამოანგრიეს. წარმოიდგინეთ, რა დონეზე აწყობთ და უღირთ, რომ ამ ადამიანს ებრძოლონ, ამხელა საბანკო სისტემა გაანულეს. ე.ი. იქ ვინმეს თუ არ მოეწონე და რაც უნდათ, არ გააკეთე, შენს თანხებს არ გამოგაყენებინებენ. ეს არის ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის. ეს არა მხოლოდ ნათქვამი აქვს, არამედ გაკეთებულიც. ამ ადამიანმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო და თანხებს არ აძლევენ. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკას არ ცვლის. როგორმე უნდა მიხვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გადადგამს ნაბიჯებს. როგორ გგონიათ, ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირველი-ორი ინსტანცია საქართველოს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის კანტორაა, როცა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღეს და „კრედიტ სუისი“ გაამტყუნეს? – ცოტა იმეცადინეთ ხოლმე. ამ ადამიანს ეს თანხები ეკუთვნის თუ არა? – ეკუთვნის“, – განუცხადა მაჭარშვილმა ჟურნალისტებს.
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.
ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

