ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადააჭარბოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირება არ უნდა იკადროს ოპოზიციამ, თუმცა, პრემიერის თქმით, ამას მაინც არ თაკილობენ.
„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს. იქაც ყველაფერი ერთი ხელიდან არის ხოლმე მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში, ერთგვარი კოორდინაციაა. განვმარტე, დაახლოებით რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, შემდეგ, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და, ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რათა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ საქმე როდესაც ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე ეხება უპრეცედენტო ინვესტიციას.
„ეს არ არის ერთი მორიგი საინვესტიციო პროექტი, სადაც, მაგალითად, ერთი სასტუმრო აშენდება და კარგია, მაგრამ ერთი სასტუმროა და შეიძლება, გამოხვიდე შენი კრიტიკული მოსაზრებებით რაღაცასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა. ეს ციფრებში გამოვხატეთ – საუბარია დაახლოებით იმაზე, რომ 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი. ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება 100 მლრდ ლარზე ცოტა მეტი. წარმოიდგინეთ, ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის რამხელა დანამატია 11 მლრდ ლარი მარტო ერთი პროექტიდან. საუბარია ერთ პროექტზე და მხოლოდ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე. ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება, დიდი ალბათობით, 20 მლრდ ლარს გადასცდეს. ეს არ არის მორიგი საინვესტიციო პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ზერელე დამოკიდებულება გქონდეს. ამ მასშტაბის ინექციაზეა საუბარი ჩვენს ეკონომიკაში. ბიუჯეტს რაც შეეხება, ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად, სულ მცირე, დაემატება 700 მლნ ლარი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე, აქედან 500 მლნ გადასახადების სახით და, სულ მცირე, 200 მლნ საშუალოდ, წლიურად, დივიდენდის სახით, რომელიც 33 %-ის ოდენობით წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. 24 000 არამუდმივი სამუშაო ადგილი იქნება საშუალოდ მშენებლობის პერიოდში და შემდეგ რჩება 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი. აქაც ხედავთ, რამხელა წვლილი შეაქვს პროექტს ჩვენს ეკონომიკაში, დასაქმებაში, ბიუჯეტში. ეს არ არის ერთი მორიგი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება, იკადრო სპეკულირება. ზოგადად, არ უნდა იკადრო, მაგრამ არის რაღაც თემები, სადაც ასე სპეკულირება წარმოუდგენელია, თუმცა ასეთ ქმედებას არ თაკილობენ. სრულ აბსურდზე საუბრობენ. უნაკლო პროექტია. შეიძლება, რაღაც პროექტი იყოს კარგი, მაგრამ ჰქონდეს გარკვეული ნაკლი, ჭარბი განაშენიანება შეიძლება იყოს დაკავშირებული და ასე შემდეგ. ეს პროექტი თითოეული შემადგენლით უნაკლოა“, – აღნიშნა პრემიერმა.

