ორშაბათი, მარტი 16, 2026

ირაკლი კობახიძე – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნას მიზანი ჰქონდა, ეცადათ, კონსტიტუციური სისტემის მორღვევა, ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს

ანტიკორუფციული ბიურო იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აბსურდული არის ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატიის მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა ასე იყო ფორმულირებული, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა უნდა მომხდარიყო კონკრეტული უწყების ხელში და ამისათვის უნდა შექმნილიყო რაღაც განცალკევებული უწყება.

„ნათქვამი იყო, რომ ერთი უწყების ხელში უნდა მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. ამ დროს ხდება რა – ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ სისტემას, აქ მოქმედებს კონკრეტული ორგანოები, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები, ეს არის კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ასევე აქვს თავისი კონსტიტუციური ფუნქციები და ამოცანები, ეს არის საქართველოს პროკურატურა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ძალიან სერიოზული ფუნქცია თავისი კონკრეტული დეპარტამენტით. ამის შერწყმა თეორიულად შეუძლებელია რომელიმე ერთი უწყების ქვეშ, რადგან ყველას თავისი ინტერესი და კონკრეტული ფუნქცია აქვს. აქედანაც ჩანს, რომ იმთავითვე აბსურდულია ხოლმე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები. მათ აქვთ ხოლმე ვიწრო პოლიტიკური ამოცანა, რაღაცნაირად მოარღვიონ ხელისუფლების სისტემა და ამისათვის თავს უნდა მოგახვიონ ისეთი რამ, რაც პირდაპირ უპირისპირდება შენს კონსტიტუციურ ლოგიკას. არა მარტო ჩვენს კონსტიტუციურ ლოგიკაზეა საუბარი, ზოგად კონსტიტუციურ ლოგიკას ეწინააღმდეგება ხოლმე მათი მოთხოვნები. ერთ-ერთი ამის დასტური იყო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა ანტიკორუფციული უწყების შექმნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროში თავი მოიყარა ძირითადად სამმა ფუნქციამ, ეს იყო საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური პარტიების დეკლარაციების მონიტორინგი და შემდეგ ამას დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების მონიტორინგი.

„შეიქმნა უწყება, რომელსაც ერქვა ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის ვერავითარი ბერკეტი ვერც ექნებოდა მას მინიჭებული, რადგან თავად მოთხოვნა იყო აბსურდული. მერე აგენტურა საქართველოში თავადვე აქილიკებდნენ ამ უწყებას. ამბობდნენ, რომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ თვალით არ ენახათ მათ ამ უწყების მიერ გამოვლენილი კორუფცია. ვერც გამოავლენ როცა მარტო დეკლარაციების მონიტორინგი გევალება. ეს ფუნქციები აქვს მინიჭებული მთავრობას, პროკურატურას, სუს-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რა შუაშია აქ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფლაგმანი.

თავიდანვე აბსურდული იყო ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამ მოთხოვნას, რომ რაღაცნაირად ეცადათ კონსტიტუციური სისტემის მორღვევა. ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს. როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ვაკეთებთ ამას, ანალოგიურად ვაკეთებთ იმავეს ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში. იგივე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. 

პიტერ სიიარტო – მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია და ის უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.სიიარტოს თქმით, მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას ბუდაპეშტში.„არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.„ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა.„სქაინიუსის“ ცნობით, დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.ამასთან, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ტყიბულის მერი – მეწყრული პროცესების გამო ვითარების შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია, გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ და სწავლობენ მიმდინარე პროცესს, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.„მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და სწავლობენ მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. ამასთან, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ბოლო სიახლეები