პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები შესაბამისობაში იყოს მოყვანილი.
ვოლსკის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება.
„რასაკვირველია, ძვირს ვერცერთზე ვიტყვი, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტავზე. კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. დიდი ხანია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. სავალდებულოა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ. სავალდებულოა, რადგან, ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს. მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.

