კინორეჟისორი, ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის.
ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.
სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინო ფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი – საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

