საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა. საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა.
წირვის დასრულების შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ლუსკუმასთან სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.
„დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.
მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

