ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

მეუფე შიო – დღევანდელ მსოფლიოში, როცა ასეთი სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი – ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ, რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან – თავმდაბლად, შურიანიდან – მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან – მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ – მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი თავისუფალია. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს თარიღი მოხდილად ჩაეთვალა.ბელა მეი კალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.ბრალდებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვების საპასუხოდ, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ან ცნობილია თუ არა მისთვის საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი დეტალები, დადებითი პასუხი გასცა.წარდგენილი ბრალდების მიხედვით, კალის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.ბელა კალი ორსულობის 35-ე კვირაზეა.ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს მას შემდეგ, რაც მის ბარგში 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. კალი ადრე აცხადებდა, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.

იქროლებს ძლიერი ქარი – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ტატა ხვედელიანი – მავნებლობაა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, ამას ქართველი ერი არ იმსახურებს

მწვავეა მოწოდებები, რომელიც საერთაშორისო მიმართულებიდან მომდინარეობს. სწორად და ადეკვატურადაა აღქმული, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბევრი იმუშავა, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციას არ შეხებოდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა ვიზალიბერალიზაციას არაფერი შეეხოს.„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი შეეხოს მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, რადგან ამით ჩვენი ხალხი დაზიანდება. მნიშვნელოვანია, ვიზალიბერალიზაციას შეზღუდვები არ შეეხოს, რადგან ეს ქვეყანასა და მოსახლეობაზე პირდაპირ იქონიებს გავლენას, ჩვენი ხალხი ზიანდება. შესაბამისად, მავნებლობაა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს, რომ  ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, ამას ქართველი ერი არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციაზე არ გავრცელდეს და ჩვენს ხალხს არ შეეხოს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს

ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ბრიუსელიდან ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება.„ძალადობის არდაგმობა შემთხვევით არ ხდება. ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა. ბრიუსელიდან რასაც ვხედავთ, სამწუხარო ტენდენცია და იმ მტრული რიტორიკის ნაწილია, რაც, მათ შორის „ევრონესტზე“ ვიხილეთ. სამწუხარო პოლიტიკაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როცა ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა და საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევა ხდება.  ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება. სამწუხარო შედეგია ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ. ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას

ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს 4 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.შალვა პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ მათ შორის ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა გაემიჯნონ ძალადობას.„ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა. ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის კომისარი კოსი და კომისარი კალასი უარს ამბობენ, დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ მე მექნებოდა და ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა, არც ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს, კომისარ კოსს და კომისარ კალასს არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.ამიტომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ვიდრე რამეს იტყვიან საერთოდ საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედია ორგანიზაციები. ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად, ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას. შეგახსენებთ, ქალბატონი იუკნევიჩიანეს, სხვა ევროპარლამენტარის, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან წამოსულ განცხადებებს. საქართველო ბეწვზე გადაურჩა აქ არეულობას და არავინ არ იცის, რა შედეგი ექნებოდა, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს-ს და სხვათა დროული რეაგირება ამ ყველაფერზე. ამიტომ პირველი, რაც უნდა თქვან, უნდა დაგმონ და გაემიჯნონ თავდასხმას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები