კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი, უსაფრთხოების მოსაზრებებით, საცხოვრებლად სამხედრო ბაზებზე გადავიდა.
ამის შესახებ ჟურნალი „ატლანტიკი“ იტყობინება.
მაღალჩინოსნების გადაყვანის მიზეზებად სახელდება დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, ასევე მუქარები სახელმწიფო მოხელეების და მათი ოჯახების მისამართით და პოლიტიკური ძალადობა, მათ შორის აქტივისტ ჩარლი კირკის მკვლელობა.
გამოცემის ცნობით, სამხედრო ბაზებზე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები იცავდნენ.
„ატლანტიკის“ ინფორმაციით, სამხედრო ბაზებზე გადავიდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი, არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი, ტრამპის შიდა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სტივენ მილერი და მისი მეუღლე ქეითი, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესების დეპარტამენტის წარმომადგენელია.
გამოცემა ასევე ახსენებს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, რომლის სახელიც „გარე საფრთხესთან დაკავშირებული მოსაზრებებით“ არ სახელდება. იგი ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ გადავიდა სამხედრო ბაზაზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა დაჟინებული რეკომენდაციის საფუძველზე.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ბაზებზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გადასვლამ საცხოვრებელი სივრცის დეფიციტი შექმნა, როგორც მაღალი რანგის ოფიცრებისთვის, ისე სხვა მოხელეებისთვის.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მაგალითად, ფორტ-მაკნეირის ბაზაზე ადგილი არ ჰყოფნიდა ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წარსულში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამხედრო ბაზებზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ცხოვრობდნენ.

