ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025

„ადრე ქონების გადასახადს ერთეულები იხდიდნენ, ახლა მასობრივად უწევთ – საჭიროა სასწრაფოდ რეფორმა“

“თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში შემოსავალს 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აქვეყნებს.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, შემოსავალში შეიძლება ჩაითვალოს იჯარაც. მისივე ინფორმაციით, „თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის ქონების გადასახადის გადამხდელია“.

როგორც გოცირიძე წერს, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ქონების გადასახადის გადამხდელია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

„მათ არ იციან, რომ გადასახადის გადამხდელები არიან. ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, ავტოფარეხი, მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა, არც კი გამოყენებულა არასდროს, დგას სადღაც შენობა თავისთვის.

ერთია, რომ რეპრესიების პოტენციური სამიზნეები არიან ეს ადამიანები და მეორეც, არ შეუძლიათ მისი გადახდა.

20 წელზე მეტი გავიდა, რაც ეს გადასახადი შემოვიდა (ჩემი ხელით დაწერილია ეს ნაწილი საგადასახადო კოდექსში, ჩემი გამოგონებაა 40 ათას ლარამდე განთავისუფლება გადასახადებიდან). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ.

საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფოდ რეფორმა. ამას იმიტომ ვამბობ დღესაც და აგერ უკვე მრავალი წელია, რომ 31 ოქტომბერმადე უნდა შეივსოს დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ჯარიმებია. მთავრობა ჯერ-ჯერობით თვალს ხუჭავს, იცის, რომ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახს უნდა მიადგეს, ამავე დროს არც არაფერს აკეთებს“, – წერს რომან გოცირიძე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აქვეყნებს ვიდეოსაც, სადაც ამბობს, რომ აუცილებელია რეფორმა.

„ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ალბათ ყოველი მეორე თქვენგანი არის ქონების გადასახადის გადამხდელი, მაგრამ ბევრმა ეს არ იცის და სინამდვილეში იხდის 10-ჯერ ნაკლები. არ იცის, რადგან ჯერჯერობით მთავრობაც თვალს ხუჭავს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მრავალი წელია დღის წესრიგში დგას ამ გადასახადის რეფორმის საკითხი. მთავრობა პირდება საზოგადოებას და ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია.

დევს ჩემი ახალი კანონპროექტი პარლმენტში. ყველამ აღიარა, რომ სწორი ვიყავი. მთავრობა გამოასწორებს ამას და მალე შემოვიტანთ ცვლილებებსო. იმის შემდეგ სამი წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ. იმეზეზებენ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადიც უნდა შევცვალოთო, არფერია შესაცვლელი, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი. დემაგოგობენ. არა აქვს რაიმე კავშირი ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან. ჯერ იმას მიხედონ, რაც საჩქაროა. ნუ ჰყავთ ხალხი მძევლად აყვანილი“, – ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.

ფიზიკური პირი კი ქონების გადასახადს მაშინ იხდის, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი წინა საანგარიშო წელს 40 000 ათას ლარს აღემატება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ადამიანის უფლებები, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, ამის ხელყოფა მოხდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ

მთლიანად უნდა გავყვეთ სარჩელის არსს და აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიებს უკავშირდება ის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური ძალების აკრძალვას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა.„აქ გვაქვს შემდეგი არგუმენტები – პირველ რიგში, ვიხსენებთ იმას, თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და „ნაცმოძრაობა“ , „ახალი“ – ეს მოგეხსენებათ, ერთი და იგივე შემადგენლობაა, ერთი პარტია არის მეორის გაგრძელება, ეს ისტორიულად ასეა. რაც შეეხება ამ პერიოდს, ეს პერიოდი დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისა და ადამიანის უფლებების ტოტალურ, სისტემურ და სისტემატურ ხელყოფასთან. ამის უამრავი ფაქტია ჩამოთვლილი სარჩელში, ეს სარჩელი ეფუძნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას, საქმიანობას და არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელსაც ფარავს ამ სარჩელის შინაარსი. ეს არის იგივე ადამიანების წამების, მკვლელობის, ადამიანებზე ძალადობის სისტემის ჩამოყალიბება, რაც იმ რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი 2004-2012 წლებში, ციხეებში და არამარტო, ციხეებში, ციხეებს გარეთ – ტოტალურად ხდებოდა ადამიანების ღირსების ხელყოფა, წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა, 150-ზე მეტი ახალგაზრდა კაცი მოკლეს პირდაპირ ქუჩებში, ეს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო. ანუ ამ მიმართულებით, აბსოლუტურად სისტემურად, სისტემატურად, ტოტალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების ხელყოფა. მეორე – ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა სხვადასხვა ფორმით, მარტო ის ცნობილი კასრები და იქ აღმოჩენილი შესაბამისი ჩანაწერები რად ღირს ხომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამაზეც ვრცლად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე სარჩელში. საკუთრების უფლების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი. აქაც უამრავი ფაქტია და ამის შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ეს არის მედიის თავისუფლების ხელყოფა. მათი საქმიანობა შეეხო რამდენიმე ათეულ მედიასაშუალებას უმძიმესი ფორმით და ამაზეც დეტალურად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ისე სარჩელში,“- განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებები, ისევე როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რასაც ეფუძნება კონსტიტუციური წყობილება და ამის ხელყოფა მოხდა სისტემური, სისტემატური სახით, სწორედ, „ნაცმოძრაობის“ მიერ, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში.„ამით, რეალურად, მათ პრაქტიკულად შეასრულეს ის პუნქტი კონსტიტუციის ჩანაწერიდან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მათი მხრიდან პირდაპირ მოხდა იმ ძირითადი ფუნდამენტის ხელყოფა კონსტიტუციური წყობილებისა, რაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. აქედან გამომდინარე, აქ არის ძალიან მყარი საფუძველი, რომ ვისაუბროთ ჩვენ, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახალის“ აკრძალვაზე, არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით,  რაც შეეხება „ლელოს“, აღნიშნული პარტიის ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, რაც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფასა და ბიზნესის რეკეტს უკავშირდება.„რაც შეეხება „ლელოს“, ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, არა ყველა ქმედებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ტიპის ქმედებებში, რომლებიც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფას, ბიზნესის რეკეტს უკავშირდება. კონკრეტულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რაც მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. მარტო ეს არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, საკმარისი კონკრეტულად ამ პარტიის, „ლელოს“ ასაკრძალად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არის მოხსენიებული სარჩელში და ამყარებს შემდგომ უკვე გაგრძელებას, რაც არის დაკავშირებული „ლელოსთან“,- განაცხადა პრემიერმა.

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) – ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა

მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება. ვიცი, მამა ანდრიას ბევრად მეტი უნდოდა ჩემთვის, ეკლესიიდან ჩემი განკვეთა უნდოდა, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე (ყურაშვილმა) განაცხადა.არქიმანდრიტი პატრიარქს მადლობს უხდის, რომ მისი მღვდლობა დაიცვა.„ვწუხვარ, რომ პატრიარქს ასეთი განსაცდელი დავატეხე თავს. დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, 5-6 მანქანა შევიდა და პატრიარქსაც დიდი ბრძოლა მოუწია. მადლობა უწმინდესს, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა. რაც შეეხება ბეთლემის ტაძარს, არათუ ბეთლემის ტაძარი, ჩემი ოფლით და სისხლით ნაშენები სამი მონასტერი მაქვს დატოვებული. დატოვების პროფესიონალი ვარ. თავის დროზე სამებაც მაქვს დატოვებული, მონასტრებიც, ახლა – ბეთლემი. მადლობა ღმერთს, არქიმანდრიტი ვარ, აქ, სამებაში ვცხოვრობ. ძალიან ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვინც ბეთლემში ვერ ამოდიოდა და იმედია, აქ მოვლენ. მრევლს ვეტყვი, რომ კვირას მობრძანდნენ ტაძარში და მეც მამა ილიასთან ერთად ვიქნები და ყველას ვაზიარებ. ვოლსკი ჩემი ლოცვის კომპეტენციაში რომ ერევა და განიხილავს, ნიშნავს, რომ ქვეყანა დაღუპულია, ეკლესიაც დაღუპულია. სად ვოლსკი და სად არქიმანდრიტი დოროთე. „მამაო ჩვენოს“ ციტატა თქვა და ისიც დამახინჯებით, „მამაო ჩვენოც“ არ იცის ბოლომდე. „უფალო, შემიწყალენ“ რომც იძახონ, უფალი მათ არ და ვერ შეიწყალებს, რადგან ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ქვეყანას ღუპავენ, არ შეიწყალებს ღმერთი, ქრისტიანები არ არიან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ, საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, ბოლო მომენტში უარი თქვეს საბოტაჟზე, რითაც სამართლებრივად თავი გადაირჩინეს

გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში შესვლით გახარიას პარტიამ სამართლებრივად თავი გადაირჩინა საკონსტიტუციო სარჩელში მონაწილეობისგან.„მთავარი არის პარლამენტი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი არსით არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება არის პარლამენტი. ამიტომ, პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას. რაც შეეხება გახარიას, მათ რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო – როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან – არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის ნაწილი. რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავი სამართლებრივად ამ სარჩელში მონაწილეობისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ უარი თქვეს საბოტაჟზე. ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ პროცედურაში მონაწილეობისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც ორივე მხარის ინტერესშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც ორივე მხარის ინტერესშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, – ამის შესახებ ვენსმა Pod Force One-თან ინტერვიუში ისაუბრა.ვენსის თქმით, „კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ მისი პროგნოზები არაერთხელ შეცვლილა“.„რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა ძალიან მცირეა და ამ პროცესში ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ. ასევე უკრაინელებიც — მათ ბევრი პრობლემა აქვთ. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ მივედით იმ წერტილამდე, სადაც რუსეთისა და უკრაინის ინტერესებშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა. პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ კარი გახსნას მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ის ვერ აიძულებს ვერცერთ მხარეს, ამ კარში შევიდეს“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ირაკლი კობახიძე – ქვეყანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ უნდა დავასვენოთ, ამას ემსახურება სარჩელი, რომ არ ყოფილიყო რადიკალიზმი, რევოლუციის მცდელობები, ეკონომიკაც მეტად წაიწევდა წინ

თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი, ზუსტად ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებში ვეღარ ჩაერთვებიან, ეს არის პრინციპული.„ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ შედეგად პარტიების აკრძალვა იძლევა ამ მოცემულობას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ვეღარ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის კლასიკური ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის აკრძალვის. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარ ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს და ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი. ზუსტად ამას ემსახურება ეს სარჩელი. არ შეიძლება, ასეთმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არსებობს ასეთი კონცეფცია სამართლის თეორიაში, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს მართლმსაჯულება, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც არის, რომ არავითარი თავისუფლება, თავისუფლების მტრებს – ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან.„ნონსენსია, შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას. იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ძირშივე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, ამიტომ ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის არსი და ზუსტად ამას ეფუძნება ის სარჩელი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კობახიძის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა.„ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გვამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელით, სარჩელის ტექსტით, რომელიც ოფიციალურად ხვალ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეიძლება სუბიექტურად, ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება „ქართული ოცნების“ სუბიექტურ ინტერესს. აქ, საქმე ეხება ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს. ჩვენ  ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას. კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენთან რომ იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი, დემოკრატიული კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და 9.7%-ის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები